რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მე უკრაინის პრეზიდენტად ამირჩიეს და არა მინი-უკრაინის" – ზელენსკი CHATHAM HOUSE-ის ფორუმზე

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მომუშავე ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Chatham House-ის ონლაინ-ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. 

სიტყვით გამოსვლის დროს ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთთან ყველა დიპლომატიური ხიდი დანგრეულია, თუმცა, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, რუსეთი თავდაპირველად უნდა დაბრუნდეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც მას ეკავა 24 თებერვლამდე. თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს რუსეთისგან მშვიდობის სურვილს. 

"დღეს ფართომასშტაბიანი ომის 72-ე დღეა და ჯერჯერობით ომის დასასრულს ვერ ვხედავთ. რუსეთის მხრიდან ვერ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ ვერანაირ სურვილს, რომ ომი დასრულდეს". – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

რაც შეეხეხება წითელ ხაზებს, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ დაუშვებელია, შემცირდეს მოსახლეობა 11 მილიონით ემიგრაციისა და დაკარგული მიწების გამო. 

 

"მე უკრაინის პრეზიდენტად ამირჩიეს და არა – მინი-უკრაინის". – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუკი მარიუპოლში მშვიდობიან მოსახლეობას ან აზოვსტალის ჯარისკაცებს დახოცავენ, აღარანაირი მშვიდობიანი მოლაპარაკებები აღარ წარიმართება.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები