რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: ხომალდ МОСКВА-ს ჩაძირვაში უკრაინას აშშ-ს მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაცია დაეხმარა

კრეისერი Москва

The Washington Post-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსული კრეისერ Москва-ს ჩაძირვაში აშშ-ს მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაცია დაეხმარა. ამის შესახებ მედიასთან ანონიმურმა წყაროებმა ისაუბრეს.

ანონიმური წყაროების თქმით, აშშ-ს მიწოდებული ინფორმაციის გარეშე ხომალდის ჩაძირვა, შესაძლოა, შეუძლებელი ყოფილიყო. ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა WP-სთან საუბარში აღნიშნეს, რომ ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, აშშ-მ არ იცოდა უკრაინელი სამხედროები ხომალდზე იერიშს თუ მიიტანდნენ.

გასულ თვეში NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციით ეხმარებოდა. აშშ-ს დაზვერვა უკრაინის მხარეს აწვდიდა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ზუსტად სად და როდის ჩამოვარდებოდა რუსული რაკეტები, რაც მათ საშუალებას აძლევდა საჰაერო თავდაცვის სისტემები სახიფათო ზონიდან გამოეყვანათ. ამავე ინფორმაციით, აშშ უკრაინას აწვდიდა თითქმის თანადროულ სადაზვერვო ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც უკრაინელებმა შეძლეს ჩამოეგდოთ რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ასობით სამხედრო გადაჰყავდა.

ცნობა, რომ აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის, The New York Times-თან დაადასტურა პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმაც. 

13 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ Москва-ს ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს. გემი ჩაიძირა. 

კომენტარები