მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

EPP: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სააკაშვილი სათანადო კლინიკაში

ევროპის სახალხო პარტია (EPP) პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

"საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია მესამე პრეზიდენტის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის. ეს არა პოლიტიკური არჩევანის, არამედ ფუნდამენტური ადამიანის უფლების საკითხია. ჩვენ ვგმობთ მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერების მიერ ნებისმიერ მადისკრედიტირებელ თავდასხმას ოპოზიციაზე, სახალხო დამცველზე, დამოუკიდებელ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე". – წერია განცხადებაში.

EPP მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ შესაბამის კლინიკაში ქვეყანაში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც მისი სათანადოდ მკურნალობა იქნება შესაძლებელი.

"მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს ჰუმანიტარული დანიშნულებით დაუყონებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის საავადმყოფოში ან საქართველოში, ან საზღვარგარეთ, სადაც მას სათანადო მკურნალობის მიღებისა და რეაბილიტაციის საშუალება მიეცემა. ექსპრეზიდენტის მიმართ ცუდი მოპყრობა ან მისი სიკვდილი საქართველოს ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემაში". – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულა. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

კომენტარები