რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

მედესანტეები, როსგვარდია და კადიროველები – REUTERS-მა ბუჩაში სამხედროების ვინაობა დაადგინა

REUTERS

Reuters-ის ჟურნალისტებმა ბუჩაში გამოძიება ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ქალაქი დაიკავეს ეროვნული გვარდიის Витязь-ის პოლკის ჯარისკაცებმა და ფსკოვის მედესანტეებმა.

უკრაინელი სამხედროების მიერ ბუჩას გათავისუფლებიდან სამი კვირის განმავლობაში, Reuters-ის ჟურნალისტებმა 90 მოწმე გამოკითხეს, დაათვალიერეს დანაშაულის ადგილი და აღმოაჩინეს რუსი ოკუპანტების რამდენიმე პირადი ნივთი.

ერთ ადგილას ჟურნალისტებმა Витязь-ის პოლკის ჯარისკაცის პირადი მოწმობა იპოვეს, რომელიც როსგვარდიის (რუსეთის პრეზიდენტის პირადი არმიის) შემადგენლობაში შედის. 

ადგილობრივი მაცხოვრებლების ერთ-ერთ სახლში იპოვეს წერილი საყვარელი ადამიანის მიმართ, ფსკოვში დისლოცირებული 76-ე გვარდიის საჰაერო სადესანტო დივიზიასში მსახურობდა.  ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებმა დააფიქსირეს სამხედრო ფსკოვის დივიზიის მონაწილეობა სამხედრო დანაშაულებებში.

თვითმხილველებთან ინტერვიუს დროს, ასევე სოციალურ ქსელებში ვიდეოჩანაწერების მონიტორინგის დროს, Reuters-მა დაადგინა ბუჩაში კადიროველთა სულ მცირე სამი დანაყოფის არსებობა.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები