ქალაქ ბუჩის მერის, ანატოლი ფედორუკის თქმით, ამ დრომდე უკრაინის ხელისუფლებამ ბუჩაში ოკუპაციის დროს რუსი სამხედროების მიერ მოკლული 403 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მისივე თქმით, მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.
ფედორუკმა ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ჯერ ბუჩაში დაბრუნება ნაადრევია.
რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში პირველ ეტაპზე 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.