რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა აზოვსტალზე შტურმი დაიწყეს

აზოვსტალის ქარხანა, 2022 წლის 2 მაისი

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის სვიატოსლავ პალამარის ინფორმაციით, რუსმა დამპყრობლებმა აზოვსტალის ქარხანაზე შტურმი დაიწყეს. 

მისი თქმით, ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ ქარხნის ტერიტორიას, რის შედეგადაც 2 ქალი დაიღუპა. პალამარის ცნობით, რუსი სამხედროები ქარხანაში შეჭრას სწორედ ახლა ცდილობენ. თავდასხმამდე კი რუსულმა ავიაციამ ქარხანა დაბომბა. 

"ვიცით, რომ პრეზიდენტი ინფორმირებულია მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე, მისგან ველოდებით მკვეთრ ქმედებებს, რადგან სიტუაცია არის ძალიან მძიმე. მთელი ღამე გვაბომბავდნენ საჰაერო ბომბებით, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე - ქალი და ახლა აზოვსტალზე შტურმი მიმდინარეობს".- ამბობს პალამარი. 

2 მაისს რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხნის დაბომბვა განაახლეს.

ბოლო 2 დღის განმავლობაში აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი გამოყვანა შესაძლებელი გახდა, თუმცა, როგორც აზოვის წარმომადგენლები ამბობდნენ, მოქალაქეთა ნაწილი ქარხნის სარდაფებში კვლავ რჩებოდა. 

ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 2 მაისს შეფერხდა.


19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

 

კომენტარები