რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: რუსეთთან ომი შესაძლოა 2042 წლამდე გაგრძელდეს, მაგრამ ეს შეტაკებებს არ ნიშნავს

ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თარიღზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ამჯერად 2042 წელი ივარაუდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან მარკ ფეიგინთან თქვა

მან აღნიშნა, რომ თავად გაჭიანურებული ომი არ იქნება ისეთი, როგორიც ახლაა, ანუ საომარი მოქმედებები, "ალბათ", ნაკლები იქნება.

"ომი ამ გაგებით, ცივილიზაციური გაგებით. ეს სულაც არ ნიშნავს სამხედრო შეტაკებებს... ეს შეიძლება იყოს 2042-მდე, თქვენ უბრალოდ უნდა გესმოდეთ, როგორ მოხდება ეს და რაც მთავარია, უკრაინა გთავაზობთ აქტიურ მექანიზმებს ამის წინააღმდეგ საბრძოლველად".- ამბობს არესტოვიჩი.

მანამდე არესტოვიჩმა თქვა, რომ ომი შეიძლება 2035 წლამდე გაგრძელდეს. 

"ასე იქნება ჩვენთანაც. არ ვიცი, საჭირო იქნება თუ არა 5, მაგრამ 2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებული გვაქვს. ეს ნიშნავს შეტაკებებს ყოველ 2 ან შესაძლოა 5 წელიწადში ერთხელ და დიდ შეტაკებებს 7-8 წელიწადში ერთხელ". - თქვა არესტოვიჩმა 10 აპრილს იმავე გადაცემაში. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები