იუსტიციის სახლი

"საჭირო გახდა გადახედვა" – იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რატომ გაძვირდა პასპორტი და ID ბარათი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სახელმწიფო სერვისების მომსახურების გაძვირებაზე ამბობს, რომ "ეს საფასურები ბოლოს დაწესდა 2011 წელს და ბუნებრივია, საჭირო გახდა მათი გადახედვა". მან TV იმედის ეთერში აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო "მეტწილად მათ მიერ მიღებულ შემოსავლებზეა" დამოკიდებული.

"შესაძლოა, ეს არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი, თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს უწყებები მეტწილად დამოკიდებულები არიან მათ მიერ მიღებულ შემოსავლებზე და ამ თანხის დიდი ნაწილი მიემართება ხელფასების გათანაბრებაზე თბილისში მომუშავე და რეგიონებში მომუშავე თანამშრომლებს შორის, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სრული კეთილგანწყობით ემსახურება ყოველდღიურ რეჟიმში" - ამბობს რატი ბრეგაძე.

იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისების, მათ შორის პასპორტის და ID ბარათის საფასურის გაძვირების პარალელურად, გარკვეული მომსახურებები გაიაფდა დიასპორის წარმომადგენლებისთვის.

"მათთვის პასპორტის საფასური 130 დოლარის ნაცვლად, რომელსაც აქამდე იხდიდნენ და იყვნენ განსხვავებულ მდგომარეობაში. ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, გახდა 50 დოლარი" - თქვა ბრეგაძემ.


პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ღირს, ხოლო პირადობის ელექტრონული მოწმობის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი.

რაც შეეხება დაჩქარებულ გაცემას, საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი უჯდება, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, ხოლო მეხუთე დღეს - 180 ლარი. ID ბარათის იმავე დღეს გაცემის საფასური 150 ლარი გახდა, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი. 

მთავრობის 21 აპრილის დადგენილებით იცვლება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სხვა ტარიფებიც.

კომენტარები