იუსტიციის სახლი

მერია: იუსტიციის სახლთან საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება

კიბე იუსტიციის სახლთან

თბილისის მერიის ცნობით, იუსტიციის სახლთან საფეხმავლო ხიდის დემონტაჟს შპს თბილსერვის ჯგუფი რამდენიმე დღეში დაასრულებს.

მერია წერს, რომ ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, ხიდი მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას, "რაც ფაქტობრივად, ნაგებობის სრულ დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გულისხმობს."

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციაზე მრავლად შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება-დეფექტები. ასევე, აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესშივე არასწორად და არასრულყოფილად მოეწყო წყალმომცილებელი სისტემა, სავალი ნაწილი, მოაჯირები, კიბეები და სხვა დეტალები." - წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილსერვის ჯგუფის დირექტორის, დავით ფაჩულიას თქმით, ხიდის მიმდებარედ ქვეითებისთვის გადასასვლელები და შუქნიშნები მოეწყო, რის გამოც ხიდი "რეალურად უფუნქციო გახდა."

"საფეხმავლო ხიდის მიმდებარედ მოეწყო ქვეითთა გადასასვლელი და შუქნიშნები, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ გადაადგილდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შესაბამისად, არსებული ამორტიზებული ხიდი, რეალურად, უფუნქციო გახდა. ფაქტობრივად, საჭირო იყო კონსტრუქციის სრული დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, რაც რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდებოდა.
ამავდროულად, არ არის ადაპტირებული და შშმ პირები ვერ სარგებლობდნენ. ზოგადად, ამ ხიდზე გადაადგილება არ იყო კომფორტული."- ამბობს ფაჩულია.

კომენტარები