რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: რუსეთის გენშტაბის მეთაური გერასიმოვი უკრაინაში იყო, თავდასხმას გაასწრო

ვალერი გერასიმოვი

The New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი გასული რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინაში იყო. მიზნად ომის "კურსის შეცვლა" სახელდება. მედიასთან ამის შესახებ ერთმა უკრაინელმა და ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად ისაუბრა. 

უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, მათ შეიტყვეს რუსი გენერლის ვიზიტის შესახებ, თუმცა მისი მიზანში დროულად ამოღება ვერ შეძლეს. ოფიციალური პირის ინფორმაციით, უკრაინელებმა იერიში მიიტანეს რუსების კონტროლირებადი ქალაქი იზიუმის მე-12 სკოლაზე, სადაც ოკუპანტები იყვნენ გამაგრებული და იყო ერთ-ერთი პოზიცია, რომელსაც გერასიმოვი ეწვია. თავდასხმის დროს მოწინააღმდეგე სამხედრო მაღალჩინოსანი უკვე რუსეთში ბრუნდებოდა და პოზიცია დატოვებული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ანონიმური წყაროს ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაახლოებით 200 რუსი სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი მოკვდა.

ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად დაადასტურა, რომ ვალერი გერასიმოვი აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა, როგორც აღნიშნეს, არ აქვთ ინფორმაცია ზემოხსენებული თავდასხმის შესახებ.

"ჩვენი დასკვნით, ის იქ იმიტომ იყო, რადგან აღიარეს, რომ ყველა პრობლემა ჯერ კიდევ არ გადაუჭრიათ". – თქვა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა NYT-თან საუბარში აღნიშნეს, რომ გერასიმოვის საიდუმლო ვიზიტი ხაზს უსვამს პრობლემებს, რომელთა წინაშეც რუსეთის შეიარაღებული ძალები დონბასში არიან.

უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, იზიუმში რუსი ოკუპანტების ამ პოზიციაზე თავდასხმა არა გერასიმოვის აქ ყოფნის, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის გამო გადაწყდა. თავდაპირველი ინფორმაციით ვარაუდობდნენ, რომ რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლულთა შორის იყო. 

გასულ დღეს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ იზიუმთან გენერალი გერასიმოვი მარცხენა ფეხში დაიჭრა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები