რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: ჩვენი სამხედროები 9 მაისის შესაბამისად მოქმედებებს ხელოვნურად არ დააჩქარებენ

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში მოქმედებებს 9 მაისის, გამარჯვების დღის შესაბამისად ხელოვნურად არ დააჩქარებენ.

"ჩვენი სამხედროები ქმედებებს რაიმე თარიღის, მათ შორის გამარჯვების დღის, შესაბამისად ხელოვნურად არ დააჩქარებენ. ზარ-ზეიმით აღვნიშნავთ 9 მაისს, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ". – თქვა ლავროვმა. 

მისი თქმით, მოქმედებების ტემპი დამოკიდებულია "სამოქალაქო მოსახლეობისა და რუსი სამხედროებისთვის ნებისმიერი რისკის მინიმალიზაციაზე".


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები