რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ძალიან უსამართლოა" – ნადალი რუსი სპორტსმენებისთვის უიმბლდონის აკრძალვაზე

მსოფლიოს მეოთხე ჩოგნის, რაფაელ ნადალის თქმით, ძალიან უსამართლოა რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის უიმბლდონის ტურნირზე გამოსვლის აკრძალვა.

ნადალი ამბობს, რომ რუსი ჩოგბურთელების ბრალი არ არის, რაც ომში ხდება.

"ძალიან უსამართლოა ჩემი რუსი კოლეგებისთვის. მათი ბრალი არ არის, რაც ამ მომენტში ომთან დაკავშირებით ხდება". - თქვა მან.

მისივე თქმით, რა მოხდება ჩოგბურთის მატჩში, არ ახდენს გავლენას "ცუდ სიტუაციაზე" უკრაინაში.

"დღის დასასრულს, რა მოხდება ჩვენს თამაშში, არ აქვს არანაირი გავლენა უამრავი ადამიანის სიკვდილზე, ტანჯვასა და იმ ცუდ სიტუაციაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში". - ამბობს ნადალი.

უიმბლდონის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩიც. მისი თქმით, ის ომს გმობს, თუმცა, სპორტსმენებს "არანაირი კავშირი არ აქვთ მიმდინარე კონფლიქტთან".

უიმბლდონი ოთხი გრანდ სლემიდან ერთ-ერთი, პრესტიჟული ჩოგბურთის ტურნირია. 2022 წლის უიმბლდონი 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება. 20 აპრილს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, უიმბლდონის ტურნირზე რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს არ დაუშვებენ. 

კომენტარები