რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს ელჩი რუსეთში: ბირთვულ შანტაჟს არ დავნებდებით, არ მოვითმენთ ბირთვული იარაღის ჟღარუნს

აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი

CNN-თან საუბარში აშშ-ს ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა ბირთვულ ომთან დაკავშირებულ რუსეთის ბოლოდროინდელ რიტორიკას "ბირთვული შანტაჟი" უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკა ამ ყველაფერს არ დანებდება.

"ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ უპასუხისმგებლო რიტორიკაში არ ვერთვებით... [აშშ] მზადაა შეერთებული შტატების წინააღდეგ მიმართული ბირთვული აგრესია შეაკავოს... ბირთვულ შანტაჟს არ დავნებდებით, არ მოვითმენთ ბირთვულ იარაღის ჟღარუნსა და ბირთვულ ზღვარზე ყოფნას". – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. მისი თქმით, ბირთული მუქარა "სიახლე არაა".

ამას გარდა, სალივანის თქმით, აშშ ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის ომი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი მთავრობის სტრატეგიული მარცხით დასრულდეს.

"ეს ომი პრეზიდენტი პუტინის გადაწყვეტილებით დაიწყო. ეს ომი პრეზიდენტი პუტინის გადაწყვეტილებით დასრულდება... ყველაფერს ვიზამთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის და მისი მთავრობისთვის სტრატეგიული მარცხი იქნება და არა უკრაინაში გამარჯვება". – თქვა აშშ-ს ელჩმა რუსეთში. 

გასულ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ბირთვული საფრთხე რეალურია და მისი "არასწორი შეფასება არ შეიძლება".

ამას გარდა, ვლადიმირ პუტინი დაემუქრა მსოფლიოს ქვეყნებს, რომ თუ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში ჩაერთვებიან, რუსეთის საპასუხო დარტყმა "ელვის სისწრაფის იქნება".

"ჩვენ ამისთვის გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, ისეთები, რომლებითაც ახლა ვერავინ დაიტრაბახებს. ჩვენ კი ტრაბახს არ ვაპირებთ, ჩვენ მათ გამოვიყენებთ, საჭირო თუ გახდება და მინდა ამის შესახებ ყველამ იცოდეს". – დაამატა პუტინმა. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით "უაზრო კომენტარები" არავინ უნდა გააკეთოს. 

კომენტარები