რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი რუსეთზე: ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უაზრო კომენტარები არავინ უნდა გააკეთოს

REUTERS/Evelyn Hockstein

"არავინ უნდა გააკეთოს უაზრო კომენტარები ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით". - ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

ბაიდენი ბირთვულ კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის წარმომადგენლების კომენტარს ეხმაურება - აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვებით, ეს "რუსეთის მარცხის ასახვაა". 

ბაიდენის თქმით,  რუსეთის კომენტარები აწუხებს "რადგან ეს რუსეთის სასოწარკვეთას აჩვენებს". 

26 აპრილს სერგეი ლავროვმა მსოფლიო ბირთვული ომის რისკებზე გააფრთხილა და თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დასავლეთის რუსეთთან მარიონეტულ ომში ჩართვას ნიშნავს.   

"ნამდვილად არ ვისურვებდი, ახლა,  როგორც პატივცემულ პოლიტოლოგებზე დაყრდნობით თქვით, როცა საფრთხე მართლაც ძალიან, ძალიან არსებითია, ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ეს საფრთხე ხელოვნურად გაებერათ, ამის მსურველები კი ცოტა არ არიან. საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია, არ შეიძლება მისი არასწორი შეფასება". - თქვა მან. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ამის ფონზე, კი რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს "რუსოფობიაში" ადანაშაულებს.

კომენტარები