რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bloomberg: აშშ უკრაინას დონბასში საბრძოლველად მეტ სადაზვერვო ინფორმაციას გაუზიარებს

აშშ ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი, ავრილ ჰეინსი

სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე აშშ-მ უკრაინისთვის გაზიარებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე შეზღუდვების ნაწილი მოხსნა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა კონგრესს მოქმედებისკენ მოუწოდა. ამასთან ერთად, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით კონგრესის დაზვერვის კომიტეტის მთავარმა რესპუბლიკელმა, მაიკ ტერნერმა წერილი აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გაუგზავნა.

„ჩვენი ძალები ყურადღებას მთავარზე გაამახვილებენ  - დონბასის სრულ განთავისუფლებაზე“. - თქვა გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი რუდსკოიმ.

22 აპრილს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა სვერდლოვსკის რეგიონის თავდაცვის მრეწველობის კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნები დაასახელა. მისი თქმით, რუსეთის მიზანია სრული კონტროლი მოიპოვოს დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე. 

ამასთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტის დროს აღნიშნეს, რომ აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწოდებს.

 რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები