რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი მარიუპოლზე: ჰუმანიტარულმა დერეფანმა გეგმის მიხედვით არ იმუშავა

ირინა ვერეშჩუკი

20 აპრილს მარიუპოლში ევაკუაციისთვის დაგეგმილმა ჰუმანიტარულმა დერეფანმა გამართულად ვერ იმუშავა. ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი იტყობინება.

"დღეს მარიუპოლიდან ჰუმანიტარულმა დერეფანმა გეგმის მიხედვით ვერ იმუშავა". – დაწერა საკუთარ Telegram-არხზე ირინა ვერეშჩუკმა.

20 აპრილს მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში ევაკუაცია ათეულობით ადამიანმა შეძლო, თუმცა ქალაქის მერი იმედოვნებდა, რომ ალყიდან 6000-მდე მშვიდობიან მოქალაქეს გაიყვანდნენ.

როგორც ვერეშჩუკი ამბობს, ჰუმანიტარული დერეფნის გეგმა სათანადოდ ვერ შესრულდა, რადგან რუსეთს "ხმელეთზე მყოფი საკუთარი სამხედროების კონტროლი აკლია". მისი თქმით, ოკუპანტებმა ვერ შეძლეს ხალხის დროული ტრანსპორტირება იქამდე, სადაც უკრაინელების ავტობუსები და სასწრაფო დახმარების მანქანები ელოდათ.

ვიცეპრემიერის თქმით, ევაკუაციის მცდელობები 21 აპრილსაც გაგრძელდება.

"ყოველი თქვენგანისთვის ვიბრძოლებთ". – დაამატა ვერეშჩუკმა.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები