რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტეფანჩუკი აზოვსტალზე: მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინეთ ბავშვები, მოაწყვეთ მწვანე დერეფნები

უკრაინის რადა

უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, უზრუნველყონ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში შეფარებული ბავშვებისთვის მწვანე დერეფნები. ამის შესახებ სტეფანჩუკი FACEBOOK-ზე წერს და ბუნკერიდან გავრცელებულ ვიდეოს ავრცელებს. 

"ერთ თვეზე მეტია მზის სხივების გარეშე არიან, არ აქვთ საკმარისი საკვები და ვიტამინები, გრძნობენ, რომ ძლიერი ბომბები ვარდება. ეს ყველაფერი ემართებათ ბავშვებს, რომლებიც რუს ურწუნოებს  აზოვსტალის ქარხნის თავშესაფარში ემალებიან. ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი, რომელსაც არცერთი მათგანი არ იმსახურებდა. მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, გადაარჩინოს ბავშვები და მწვანე დერეფნები მოაწყოს".- წერს სტეფაჩუკი. 

აზოვის პოლკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხანა თითქმის სრულად განადგურებულია და მსოფლიოს მშვიდობიანი მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდა. 

19 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ოკუპანტები ბომბავენ ქარხნის ტერიტორიას, ასევე ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს.

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-არხზე წერს, რომ ლევობერეჟნის რაიონს ოკუპანტები ტანკებითა და არტილერიით ბომბავენ.

"ოკუპანტებს იერიშები მაღალი სიმძლავრის ბომბებით არა მხოლოდ აზოვსტალზე მიაქვთ, არამედ არტილერიითა და ტანკებით აგრძელებენ ქაოსურ დარტყმებს ცოცხალ სექტორზე ლევობერეჟნის რაიონზე, მეოტიდას ბულვარის გასწვრივ.

ამავდროულად, 18 აპრილს ოკუპანტებმა მოქალაქეებს ამ ზონაზე წვდომა გაუხსნეს, რათა სახლებიდან ნივთები აეღოთ. ამისთვის ავალდებულებენ თეთრი ლენტის ტარებას, რომლითაც რუსები საკუთარ თავს ინიშნავენ. ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოქალაქეების უკრაინელი სნაიპერებისთვის სატყუარების სახით გამოყენებას". – წერს მერის მრჩეველი.

იერიშის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიაც.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმეა დღეა, მიმდინარეობს. ქალაქის დიდი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

გასულ დღეებში რუსულმა მხარემ ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ სამხედროებს დანებება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღეს.

კომენტარები