რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"აზოვსტალის ქარხანა დაიბომბა და თითქმის მთლიანად განადგურდა" – აზოვი

აზოვსტალის ქარხანა
УНИАН

"მარიუპოლის ქარხანა აზოვსტალი დაბომბეს და ის თითქმის მთლიანად განადგურდა".- ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა განუცხადა.

მისი თქმით, ქარხანაზე მძიმე ბომბებს ყრიან, ნანგრევების ქვეშ კი ბევრი ადამიანია.

"ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ მსოფლიოს გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები".- ამბობს პალმარი. 

19 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ოკუპანტები ბომბავენ ქარხნის ტერიტორიას, ასევე ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს.

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-არხზე წერს, რომ ლევობერეჟნის რაიონს ოკუპანტები ტანკებითა და არტილერიით ბომბავენ.

"ოკუპანტებს იერიშები მაღალი სიმძლავრის ბომბებით არა მხოლოდ აზოვსტალზე მიაქვთ, არამედ არტილერიითა და ტანკებით აგრძელებენ ქაოსურ დარტყმებს ცოცხალ სექტორზე ლევობერეჟნის რაიონზე, მეოტიდას ბულვარის გასწვრივ.

ამავდროულად, 18 აპრილს ოკუპანტებმა მოქალაქეებს ამ ზონაზე წვდომა გაუხსნეს, რათა სახლებიდან ნივთები აეღოთ. ამისთვის ავალდებულებენ თეთრი ლენტის ტარებას, რომლითაც რუსები საკუთარ თავს ინიშნავენ. ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოქალაქეების უკრაინელი სნაიპერებისთვის სატყუარების სახით გამოყენებას". – წერს მერის მრჩეველი.

იერიშის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიაც.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმეა დღეა, მიმდინარეობს. ქალაქის დიდი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

გასულ დღეებში რუსულმა მხარემ ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ სამხედროებს დანებება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღეს.

 

კომენტარები