რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: უკრაინა მოლაპარაკებების პროცესში არათანმიმდევრულია

პესკოვი და პუტინი

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უკრაინის მიდგომა სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ გააკრიტიკა.

"მოლაპარაკებების პროცესი ექსპერტების დონეზე გრძელდება. სამწუხაროდ, უკრაინული მხარე ვერ ინარჩუნებს თანმიმდევრულობას იმ პუნქტებში, რომლებზეც მხარეები შევთანხმდით. უკრაინა ხშირად იცვლის პოზიციას, რაც ბევრ საკითხს გადაუჭრელს ტოვებს". - ამბობს პესკოვი. 

პესკოვმა საუბრისას ასევე თქვა, რომ ე.წ "არამეგობრულ" ქვეყნებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, გადავიდნენ გაზის რუბლში გადახდაზე. კრემლის სპიკერმა კონკრეტული რიცხვი, თუ რამდენი ქვეყანა აპირებს ენერგორესურსების რუბლში შესყიდვას, არ დაასახელა.

მარტის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უცხოელი მყიდველები გაზის საფასურს რუბლში გადაიხიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ აღარ მიაწვდიდნენ. 

რუსული გაზი ევროკავშირის მარაგების დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის თქმით, ამჟამად რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა "შეუძლებელია". ამ პოზიციას გერმანია, უნგრეთი და ბულგარეთიც იზიარებენ.

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები