რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მინდა გაიგოს, რომ ეს გენოციდია" – ზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში მიიწვია

CFP

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთის მოქმედებები გენოციდია.

"ვფიქრობ, მას სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ რუსეთი დიალოგში შევიდეს. მე მას უბრალოდ ვუთხარი, მსურს გაიგოს, რომ ეს არ არის ომი და სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი. მე ის მოვიწვიე, თუ ამის შესაძლებლობა იქნება. ის ჩამოვა, ნახავს და დარწმუნებული ვარ, რომ გაიგებს". – თქვა ზელენსკიმ.

13 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა. ბაიდენის სიტყვების შეფასებისას ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ გენოციდის მსგავსი ტერმინების გამოყენებასთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან "ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები