ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ბიბილოვი: როცა ბევრი რუსეთს ზურგს აქცევს, ჩვენ მისკენ მივდივართ, რადგან ეს ჩვენი სამყაროა

AP

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, ცხინვალის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება და ეს თავდაჯერებულობას მატებს როგორც მათ, ისე რუსეთს, რომელსაც ბევრმა ზურგი შეაქცია.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს თავდაჯერებულობას მატებს ჩვენს რუსულ სამყაროს, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს. ისინი ამას ელოდებიან. მოწმეები ვართ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ДНР-სა და ЛНР-ს აღიარების შესახებ მივიღეთ, აბსოლუტურად სწორი იყო. ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ხალხმა თავი კარგად იგრძნოს, ასევე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის – როდესაც ბევრი მას ზურგს აქცევს, ჩვენ მისკენ მივდივართ, რადგან ეს ჩვენი სამყაროა. რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა და ეს არ უნდა დავივიწყოთ". – თქვა ბიბილოვმა.

მარიონეტი ლიდერის თქმით, თუ "სამხრეთ ოსეთის საკითხი დადებითად მოგვარდება" ის რუსეთი შემადგენლობაში ცალკეული სუბიექტის სახით, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ალანიის სახელმწიფო შევა.

10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა. ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ამჟამინდელი მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი და პარტია ნიხასის ხელმძღვანელი, ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან.

არჩევნების შემდეგ მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა

კომენტარები