რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლეიენი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ უკრაინას იარაღი სწრაფად მიაწოდონ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ უკრაინას იარაღი სწრაფად მიაწოდონ და ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტი შეიძლება მიმართული იყოს რუსეთის ბანკის, Sberbank-ის წინააღმდეგ და მოიცავდეს ემბარგოს რუსულ ნავთობზე. 

"ეს ეხება ყველა წევრ ქვეყანას: მათ, ვისაც შეუძლია სწრაფად მიაწოდოს იარაღი, რადგან მხოლოდ ესაა უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ მწვავე თავდაცვით ბრძოლაში გადარჩენის ერთადერთი გზა".-  აღნიშნა ფონ დერ ლეინმა.

იმ შიშით, რომ უკრაინის მძიმე იარაღით მომარაგება ომს უკრაინაში რუსეთსა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტად გარდაქმნის, რამდენიმე ევროპული სახელმწიფო ტანკებისა და მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებისგან თავს იკავებენ. "მე არ განვასხვავებ მძიმე და მსუბუქ იარაღს", - თქვა ამაზე პასუხად ფონ დერ ლეინმა. 

"უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად". - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 

სანქციათა მეექვსე პაკეტის შესახებ, რომელიც ახლა ბრიუსელში მზადდება, ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ გაგრძელდება რუსული საბანკო სისტემის, განსაკუთრებით Sberbank-ის, შეზღუდვა. Sberbank, გაზპრომთან ერთად, რუსული ნავთობისა და გაზის შეძენისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია.

გუშინ, 16 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციათა გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სანქციებზეა დამოკიდებული კიდევ რამდენ უკრაინელს მოკლავს ოკუპანტი". ასევე, ზელენსკი უკრაინელი ხალხის დასაცავად სამხედრო მხარდაჭერის ზრდის მოწოდებას დასავლელი პარტნიორებისთვის აგრძელებს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

კომენტარები