რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: რუსეთის ტყვეობაში 700 ჯარისკაცი და ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა

ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობაში, დაახლოებით 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 700 ჯარისკაცი იმყოფება. 

"ათასამდე ადამიანი დაატყვევეს. მათგან ნახევარი ქალია. კვლავ გავიმეორებ, იქნებ რუსეთმა გაიგონ, ჩვენ არ გავცვლით სამხედროებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. ეს აკრძალულია ჟენევის კონვენციებით. სამხედრო კუთხით ჩვენ გვყავს მათი 700-ზე მეტი ტყვე და მათ დაახლოებით ამდენივე ჰყავთ".- თქვა მან. 

გათავისუფლებულ ტყვეებთან დაკავშირებით, ვერეშჩუკი ამბობს, რომ რუსეთი ჟენევის კონვენციით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს. 

"მინდა მივმართო ჩვენებს, რომლებიც ელოდებიან თავიანთ ცოლებსა და ქმრებს - ცოტაც მოითმინეთ. ჩვენ ვაწვდით სიებს და სხვა საქმეა მტერი სახელმწიფო როგორ იმოქმედებს. უმეტესად არ თანხმდება და იმათ ათავისულფებს, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს. ეს არის მუდმივი ბძოლა ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ მათ არ დავტოვებთ, ხვდებით როგორ ბოროტებასთან გვაქვს საქმე?"- ამბობს ვერეშჩუკი. 

მისივე თქმით, 16 აპრილს, მოქალაქეებისთვის ორი დერეფანი გაიხსნება. 

პირველად უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 24 მარტს გაცვალეს. მაშინ რუსებმა 10 ტყვე ოკუპანტის სანაცვლოდ გაათავისუფლეს 10 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. გარდა ამისა, იმავე დღეს, ოდესასთან ჩაძირული გემიდან გამოყვანილი 11 რუსი მშვიდობიანი მეზღვაური რუსეთში გადაიყვანეს. მათ სანაცვლოდ, ოკუპანტებმა გაათავისუფლეს სამოქალაქო გემის, სატფირის 19 მეზღვაური.

პირველ აპრილს 86 რუსის სანაცვლოდ სამშობლოში 86 უკრაინელი დაბრუნდა.

9 აპრილს კი, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მესამედ გაცვალეს, რის შედეგადაც უკრაინის 26 მოქალაქე, მათ შორის, 10 ქალი გაათავისუფლეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ, ბომბავენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები