რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის საკმარისი არაა" – კობახიძე გენოციდზე ბაიდენის გზავნილზე

ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, გენოციდი. კობახიძის თქმით, მთავრობა "შესაბამის სამართლებრივ შეფასებას" ელოდება.

"ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს. გახსოვთ თქვენ მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებაზე და ა.შ. ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში, დაველოდებით, რა თქმა უნდა, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს პოლიტიკური შეფასებები". - თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გზავნილი გენოციდზე საკმარისი, კობახიძე პასუხობს:

"რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის. ამიტომ, საჭიროა სამართლებრივი შეფასება". 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის კითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ "გენოციდის" გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად უპასუხა, რომ მსგავს ტერმინებთან "ფრთხილად იქნებოდა", რადგან, მისივე სიტყვებით, "რუსები და უკრაინელები ძმები არიან".  

ჯო ბაიდენმა რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი 13 აპრილს უწოდა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები