რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტრამპი: რაც ახლა უკრაინაში ხდება – გენოციდია

Insider

ამერიკის შეერთებული შტატების ყოდილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უკრაინაში რუსეთის საბრძოლო ქმედებებს გენოციდი უწოდა. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპი აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აკრიტიკებდა იმ პოლიტიკისთვის, რამაც, ტრამპისვე თქმით, რეკორდული ინფლაცია გამოიწვია და შემდგომ დასძინა - "ახლა ამას დაუმატეთ ის, რაც ხდება უკრაინაში. ეს არის გენოციდი".

გუშინ, 13 აპრილს, ჯო ბაიდენმა, გაზისა და ნავთობის ტარიფებზე საუბრისას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა.

"თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, საწვავის ავზის შევსება, არცერთი მათგანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომის დაწყებას და სხვა ქვეყანაში ჩაიდენს თუ არა გენოციდს. პუტინის მიერ გაზსა და ნავთობზე ფასის გაძვირების საპასუხოდ, მე გავეცი განკარგულება, რომ დღეში მილიონი ბარელი ნავთობი სტრატეგიული რეზერვიდან მოვიხმაროთ". - ამბობს ბაიდენი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები