რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი მედვედჩუკის გაცვლაზე: რუსეთის მოქალაქე არაა, საერთო არაფერი აქვს სპეცოპერაციასთან

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვმა უპასუხა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლის შესახებ. პესკოვმა თქვა, რომ მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის და "სპეცოპერაციასთან" კავშირი არ აქვს.

"რაც შეეხება გაცვლას, რაზეც კიევის წარმომადგენლები ასეთი ხალისით, მონდომებით და კმაყოფილებით საუბრობდნენ – მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე, მას არაფერი აქვს საერთო სპეცოპერაციასთან, ის უცხო ქვეყნის პოლიტიკური ფიგურაა. ჩვენ არ ვიცით, სურს თუ არა თავად მას რუსეთის ჩართულობა მის წინააღმდეგ ამ ცილისმწამებლური სიტუაციის მოგვარებაში". – აღნიშნა პესკოვმა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 12 აპრილს დააკავა. დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მედვედჩუკს ხელბორკილი ადევს და უკრაინის სამხედრო ფორმა აცვია.

მედვედჩუკი ქვეყნის ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. UNIAN-ის ცნობით, რუსეთის თავდასხმის წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი, ოქსანა მარჩენკო ბელარუსში გაიქცა. მოგვიანებით კი შინაპატიმრობიდან გაიქცა თავად მედვედჩუკიც.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები