რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 12 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

უკრაინელი სამხედროები ხარკოვში, რუსეთის საოუკუპაციო ძალებთან შეტაკების შემდეგ. 2022 წლის 25 თებერვალი.
NY Times

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევების განხორციელება განაგრძეს, თუმცა შეზღუდული ძალისხმევით, ვინაიდან კიევიდან გამოყვანილი ქვედანაყოფების დონბასში განლაგებას ცდილობენ. ოკუპანტები იზიუმისა და სევეროდონეცკის ღერძებზე შეზღუდული შეტევების განხორციელებას განაგრძობენ, თუმცა დიდი ადამიანური დანაკლისი გამო, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას ვერ ახერხებენ. მარიუპოლში ბრძოლა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ქიმიური იარაღის გამოყენებაში სდებენ ბრალს.

ISW-ის ძირითადი დასკვნები:

  • დანაყოფების მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძალები დონბასში შეტევითი ოპერაციების განხორციელებას განაგრძობენ. თუმცა, მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლის აღება ჯერ ვერ შეძლეს.

კიევზე წარუმატებელი თავდასხმის შემდგომ ოკუპანტები ბელგოროდისა და ვორონეჟის რაიონებში ქვედანაყოფების გაძლიერებას ცდილობენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ქვედანაყოფები ზნეობის კრიზის განიცდიან. გენშტაბის მიხედვით, რუსეთის 41-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიისა და 90-ე სატანკო დივიზიის ელემენტები ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში გადაადგილდებიან. 

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი დაპირებულ ფულად ჯილდოს დანაყოფებს არ გადასცემს. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი სატანკო არმიის 47-ე გვარდიის სამხედრო პირებმა უკრაინაში ოპერაციებში მონაწილეობისთვის დამატებითი ანაზღაურება ვერ მიიღეს. უკრაინის დაზვერვის (ГУР) ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო პირები გაზრდილი ადამიანური დანაკარგის გამო, შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე უარს ამბობენ.

უკრაინის ოფიციალური პირების მიხედვით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 11 აპრილს, რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა. მარიუპოლი არის ოპტიმალური ადგილი, სადაც რუსეთის ძალებმა, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენონ, რათა ესკალაციის სურვილი წარმოაჩინონ, ამავდროულად შეამცირონ რისკი, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების დარღვევის შესახებ უტყუარი მტკიცებულება მოიპოვოს. 

უკრაინის სამხედრო პირები რესურსების შემცირებისა და უკრაინული ჯარების დანებების შესახებ ცნობების მიუხედავად, მარიუპილში წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობენ. ამასთან ერთად, მარიუპოლში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, ოკუპანტების საბრძოლო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საკმაოდ რთულია.

რუსეთის ძალებმა სევეროდონეცკში, ლისიჩანსკსა და პოპასნაში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები