საიმონ როვენსკის საქმე

ოჯახის ცნობით, კანადელი სტუდენტი საქართველოს საზღვარზე ADHD-ის მედიკამენტის გამო დააკავეს

GoFundMe

საქართველოს საზღვარზე 22 წლის კანადელი ტურისტი, საიმონ როვენსკი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სამკურნალო მედიკამენტ "ადერალის" გამო დააკავეს და დაკითხვისა და "დამამცირებელი პირადი ჩხრეკის" შემდეგ გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას როვენსკის ოჯახი საქველმოქმედო ვებგვერდ GoFundMe-ზე ავრცელებს და საქმეში დახმარებას ითხოვს.

ოჯახის ცნობით, 22 წლის საიმონ როვენსკი ვანკუვერიდან საქართველოში მეგობართან ერთად ჩამოვიდა – არდადეგების ფარგლებში ისინი რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობას გეგმავდნენ. თუმცა, საქართველოში შემოსვლისას საიმონს ჩხრეკა მოუწყვეს, რის შემდეგაც ის გლდანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სტუდენტი ახლა განაჩენის გამოტანას ელოდება.

"საიმონს ADHD აქვს, დიაგნოზი, რომელიც კანადაში ოჯახის ექიმმა ოფიციალურად დასვა. მოგზაურობის დროს მას თან ჰქონდა მედიკამენტი, რომელიც კანადელმა ექიმმა დაუნიშნა.

სხვა ქვეყანაში ეს, დიდი ალბათობით, პრობლემებს არ გამოიწვევდა. თუმცა, საქართველოში მედიკამენტის იმპორტი აკრძალულია და ნარკოტიკულ ნივთიერებად არის კლასიფიცირებული. საქართველოს კანონმდებლობით მედიკამენტის მხოლოდ ერთი თვის მარაგის იმპორტი შეიძლება, ქართულად ნათარგმნი დანიშნულებით. სამწუხაროდ, საიმონს თან არ ჰქონდა დანიშნულება. მედიკამენტის ქვითარი, რომელიც მას თან ჰქონდა, არ მიიღეს. ვინაიდან საიმონმა არ იცოდა, რომ საქართველოში მედიკამენტი აკრძალული იყო, მას აეროპორტში დეკლარაცია არ შეუვსია და შედეგად დააკავეს.

ორი ახალგაზრდა კაცი საზღვარზე გააჩერეს. მრავალსაათიანი დაკითხვა და დამამცირებელი პირადი ჩხრეკა მოუწყვეს. ოჯახის წევრების მიხედვით, მებაჟე-ოფიცერმა უკიდურესად ინვაზიური შემოწმება ჩაატარა. ორივენი საათობით გააჩერეს ისე, რომ არ იცოდნენ, შემდეგ რა მოხდებოდა.

ჩხრეკის დროს პოლიციის ოფიცრებმა მედიკამენტის ბოთლიდან ეტიკეტი ორი კაცის თანდასწრებით მოხსნეს და სხვა ოთახში გაიტანეს. ამოღებული მტკიცებულებებისთვის თან არ დაურთავთ.

საიმონს არ მისცეს ოჯახთან დარეკვის უფლება. ტელეფონები ჩამოართვეს. მისი მეგობარი, რომელსაც არანაირი მედიკამენტი არ გადაჰქონდა, შვიდი საათის შემდეგ გამოუშვეს. ხოლო საიმონი გლდანის ციხეში გადაიყვანეს, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ სკანდალებით არის ცნობილი.

ორი დღის განმავლობაში ოჯახმა მასთან კონტაქტი დაკარგა. როცა საბოლოოდ ადვოკატთან დაკავშირება მოახერხეს, მათ შეიტყვეს, რომ წინასწარი მოსმენა მომდევნო დღეს, შაბათს, გაიმართებოდა. სხდომაზე საიმონს ბრალი წარუდგინეს ორი სერიოზული მუხლით: დიდი ოდენობით კონტრაბანდა და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა. ქართული კანონმდებლობით მას 8-დან 20-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შედეგად, საიმონი განაჩენის გამოტანამდე გლდანის ციხეში იმყოფება, რაც 25 ივნისსაა ჩანიშნული, მისი დაკავებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ. მას თვეში მხოლოდ ერთი საათით შეუძლია სატელეფონო ზარის გამართვა და კვირაში ერთხელ 15 წუთით პირისპირ შეხვედრა. მის საკანში კიდევ ხუთი მსჯავრდადებულია. დღეში 30 წუთით აქვს გარეთ ვარჯიშის უფლება. მეგობრების ვიზიტი აკრძალულია. ის უცხო ქვეყანაში იმყოფება სიახლოვეს ოჯახის წევრების გარეშე, რომლებიც მასთან ვიზიტსა და მის მხარდაჭერას შეძლებენ.

ოჯახისთვის ვითარება კატასტროფულია. მისი დედა სამ ბავშვს მარტო ზრდის. საიმონი ოჯახში ყველაზე უფროსი შვილია. ის სტუდენტია და ორი უმცროსი და ჰყავს. მათ მამა მაშინ გარდაიცვალა, როცა საიმონი 10 წლის იყო. ახლა ოჯახში კაცი მხოლოდ საიმონია.

ოჯახი ამჟამად კრიტიკულ ვითარებაშია და დაუყოვნებლივ სჭირდება ფინანსური დახმარება. მხოლოდ იურიდიული წარმომადგენლობა $7 000-მდე ღირს. ადვოკატის მიხედვით, არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა ისეთ საქმეებში, რომელიც მსგავს სიტუაციებში მოხვედრილ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოიცავს. თუ სასამართლოს მიერ დადგენილ ჯარიმას სახელმწიფოს გადაუხდიან, ინდივიდი შესაძლოა, პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ქვეყნიდან დეპორტაცია მოუწყონ. მოსალოდნელია, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომდე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ჯარიმა $30 000-დან $45 000-მდე იქნება. ჩვეულებრივი ოჯახისთვის ეს უდიდესი რაოდენობის თანხაა. საიმონის დედამ დახმარება კანადის საელჩოს სთხოვა. თუმცა, მას უთხრეს, რომ საელჩო ვერ ჩაერეოდა სასამართლო პროცესში. ოჯახში მიაჩნიათ, რომ კანადის მთავრობისგან დახმარების მიღების ყოველგვარი იმედი ამოწურეს.

საიმონი ციხეში მხოლოდ იმიტომაა, რომ თან დანიშნულება არ ჰქონდა. მის ოჯახს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. თუ შეგიძლიათ, მათ დაეხმარეთ. თითოეული დოლარი სასამართლო ხარჯებსა და უშველებელი ჯარიმის გადახდას მოხმარდება. ეს საიმონის დედასა და დებს აძლევს იმედს, რომ ის სახლში დაბრუნებას შეძლებს."

– წერს GoFundMe-ზე დაკავებული კანადელი ტურისტის ოჯახის დასახმარებლად წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის ორგანიზატორი, ნიკა როვენსკი. ამ ეტაპზე კამპანიის ფარგლებში საიმონ როვენსკისთვის 27 338 კანადური დოლარია შეგროვებული.

კომენტარები