რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპუაშვილი: გაუგებრობის მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემი ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან საუბრისა და სამთავრობო მედია იმედზე მისი ინტერვიუს მოსმენის შემდეგ დარწმუნდა, რომ "ყველა უხერხულობისა და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა არსებობს" და, მისივე სიტყვებით, ამისთვის მნიშვნელოვან როლს უკრაინაში მისი ვიზიტი შეასრულებს. 

"ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს.

ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები. დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე.

განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები. ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ "იმედის" ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია". - წერს პაპუაშვილი. 

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ცნობით, სტეფანჩუკთან კომუნიკაცია ჰქონდა და უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა დაუდასტურა. დღეს, 13 აპრილს კი ვიზიტის დეტალებს განიხილავენ.

პაპუაშვილი წერს, რომ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა "ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია" და ამ ვალს შეასრულებენ. 

"ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად" – ასე უპასუხა რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბუჩაში მიწვევის "არასათანადოდ" მოხსენიებას. 

"არის თუ არა სათანადო, რომ "არასათანადო" უწოდო მიწვევას, ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და ნახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერა სიტყვებით? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა უნდა გააკეთოს". - დაწერა სტეფანჩუკმა.  

8 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს. საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტში თქვეს, რომ მიწვევა არ მიუღიათ, შემდეგ კი ქართული ოცნების წარმომადგენლები მედიასთან საუბრობდნენ, რომ პაპუაშვილი ავად იყო.  

მოგვიანებით მოწვევას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე დაწერა, რომ წერილი ნამდვილად მიიღო, თუმცა, მისივე შეფასებით, უკრაინის მიერ მისი ბუჩაში ოფიციალური მიწვევა განმარტებებების გარეშე "არასათანადოდ" ჩანს. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.   

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები