მურთაზ ზოდელავა

მურთაზ ზოდელავას სისუსტე და თავბრუსხვევა ჰქონდა, მკურნალობა უტარდება - ჩხაიძე

ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ჩხაიძის თქმით, მე-4 დღეა, ზოდელავა კლინიკაში იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

"მურთაზ ზოდელავა ჩვენთან 14 ივლისს შემოიყვანეს. მას აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდა. ის ნევროლოგის კონსულტაციის ქვეშ იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

მას ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა აღენიშნებოდა, ამ ჩივილებით გადმოიყვანეს კლინიკაში. შემოსვლისას პაციენტს თავის ტვინის MRT კვლევა ჩაუტარდა, რომლითაც ინსულტის დიაგნოზი გამოირიცხა. მაგრამ, იყო ცვლილებები, რომლებიც შეიძლება წინა წლებში გადატანილ რაიმე პათოლოგიას უკავშირდებოდეს. მოკლე დროში აქტიური კერა არ არის". - თქვა ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

ზოდელავას ცოლი, მაიკო მუმლაძეც ამბობს, რომ ამჟამად პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი 2-ჯერ გადაიტანა. სააკაშვილს პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია და მისთვის ჩატარებული კვლევებით ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 2026 წლის მაისში 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. 

კომენტარები