ქართული ოცნება

პარლამენტმა საკონსტიტუციოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს შეეხება, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 83 მხარდამჭერი და 15 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ქართული ოცნების დეპუტატ ანრი ოხანაშვილის თქმით, შემოთავაზებული ცვლილების მიღება ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების გამდიდრებას, "კომპეტენციებთან დაკავშირებით სიცხადეს შეიტანს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით და ის არ იქნება რაიმე ტიპის დასჯის მექანიზმი".

ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები 15 მარტს დააინიცირეს. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

კანონპროექტის ინიცირება ქართული ოცნების განცხადებას მოჰყვა, სადაც პარტია დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აანონსებდა.

ქართული ოცნების განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას მოითხოვენ.

არსებული კანონმდებლობით კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრებაა დასაშვები. პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამგვარი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს ელჩის დანიშვნის საკითხი. თუ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტი არ სარგებლობს ამ დისკრეციით, ეს ქვეყნის პირველ პირს მომავალში წაართმევს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს მთავრობის წარდგინებებზე და აიძულებს მას, მოიწონოს კაბინეტის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი კანდიდატი.

კომენტარები