ქართული ოცნება

ოცნების საკანონმდებლო ინიციატივა პრეზიდენტის წინააღმდეგ ანგარიშსწორებაა – საია

ქართული ოცნება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ანგარიშსწორებას უწოდებს  2022 წლის 15 მარტს მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ პარლამენტში დარეგისტრირებულ ინიციატივას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია. კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა ქართული ოცნების მიერ რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც პარტია საუბრობდა სახელმწიფოს მეთაურის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე.

"თავის მხრივ, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადება უკავშირდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკრაინის საკითხებზე რიგგარეშე სხდომის მოწვევას, 5 მარტს ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის მოთხოვნას, და რაც მთავარია, ხელისუფლების საპირისპირო პოზიციონირებას ევროინტეგრაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე". – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არსებული კანონმდებლობით კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრებაა დასაშვები. პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამგვარი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. შესაბამისად, ორგანულ კანონში ის უფლებამოსილების შესახებ დავაში მოპასუხედ მისი თანხმობის გარეშე ვერ ჩაერთვებოდა. საიას განმარტებით, შემოთავაზებული კანონპროექტი ამ მოცემულობას ცვლის, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგნად დამატებით აქცევს ქვეყნის პირველი პირის მოქმედებას თუ უმოქმედობას.

"ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში, იმპიჩმენტის პროცედურის მიღმა, არ არსებობს მექანიზმი ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ უშუალოდ წამოიწყოს დავა რომელიმე კონსტიტუციურმა ორგანომ, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, ცვლილება შეიტანოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელ კანონში, რაც საშუალებას მისცემს პარტიას, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია სასარჩელო წარმოების ფარგლებში პირდაპირ დაუკავშიროს არა მხოლოდ კომპეტენციის დამდგენ ნორმატიულ ჩარჩოს, არამედ უშუალოდ კონკრეტულ ქმედებებს". – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

საია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მიერ ამ კანონპროექტის ინიცირება ცალსახად მიუთითებს მათი მხრიდან პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაზე და მმართველი პარტიის ხელში არსებული ბერკეტით – კანონში ცვლილების შეტანის მეშვეობით საკუთარი პარტიული მიზნების მიღწევაზე. 

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი ინიცირებული კანონპროექტის მიღებას და არ დაუშვას  კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგება. ორგანიზაცია აგრეთვე მიმართავს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მექანიზმის თვითნებური, ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე გამოყენება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ პირად ანგარიშსწორებას ემსახურება. 

15 მარტს ქართულმა ოცნებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანხმადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოში დავას იწყებს. პარტიის განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებს მოითხოვენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს ელჩის დანიშვნის საკითხი. თუ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტი არ სარგებლობს ამ დისკრეციით, ეს ქვეყნის პირველ პირს მომავალში წაართმევს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს მთავრობის წარდგინებებზე და აიძულებს მას, მოიწონოს კაბინეტის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი კანდიდატი.

კომენტარები