წამლები

ექიმი რეცეპტში წამლის ბრენდს ვეღარ მიუთითებს, მის გენერიკულ დასახელებას გამოწერს

მთავრობის განკარგულებით, 11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება, ექიმი ვალდებული იქნება, წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გენერიკული რეცეპტების დანერგვით, წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა დაზღვეული იქნება.

"მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება, მოქალაქეს შესთავაზოს სამი ყველაზე იაფი წამალი. ამის შემდეგ, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, რომელი წამალი შეიძინოს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად, მაგრამ არსებობს ეს პრობლემები და იყო, უნდა ვაღიაროთ, ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან, შესაძლო ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების, მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება დაზღვეული".- ამბობს ღარიბაშვილი. 

მთავრობის განკარგულებითვე, 11 აპრილიდან ფსიქოტროპული პრეპარატების და მასთან დაკავშირებული მედიკამენტების რეცეპტი ქაღალდზე აღარ გაიცემა და მათი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. 

 

კომენტარები