რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტეფანჩუკი პაპუაშვილს: სათანადოა, რომ "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში მიწვევას?

უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიწვევას "არასათანადო" უწოდა.

"არის თუ არა სათანადო, რომ "არასათანადო" უწოდო მიწვევას, ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და ნახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერა სიტყვებით? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა უნდა გააკეთოს". – წერს სტეფანჩუკი.

რადის თავმჯდომარე წერს, რომ უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან, თუმცა ის ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს.

"მან შეუძლებლად მიიჩნია უკრაინაში ჩამოსვლა მანამ, სანამ "უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სრულად არ გააცნობიერებს იმ ძლიერ მხარდაჭერას", რომელსაც საქართველო გვაძლევს. ასეთი ძლიერი მხარდაჭერის მაგალითად მან მოიყვანა უკრაინის სასარგებლოდ საქართველოს ხმა საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა გაერო.

კოლეგავ, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს ამ რთულ დროს. ჩვენ ყოველდღიურად ვითხოვთ უფრო მკაცრ სანქციებს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. არის ქვეყნები, რომლებიც ყველა სფეროში გვეხმარებიან. ასევე არის ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ცალკეულ საკითხებში გვეხმარებიან". – წერს სტეფანჩუკი.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ასევე ხაზს უსვამს უკრაინაში მებრძოლი ქართველების მნიშვნელობას და 2008 წელს საქართველოს მიმართ უკრაინელების მხარდაჭერას იხსენებს.

"რუსეთთან თქვენი დაპირისპირების პირველივე დღიდან უკრაინა მხარს უჭერდა საქართველოს პოლიტიკურ, საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე. უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინული თავდაცვის სისტემების (Бук, Оса) წყალობით თქვენ შეძელით თქვენი ცის დაცვა". – წერს სტეფანჩუკი.

რუსლან სტეფანჩუკმა მიმართვა მეგობრობის შესახებ შოთა რუსთაველის აფორიზმით დაასრულა:

"ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად".


8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკრაინამ მოწვევა გაუგზავნა.

იმავე დღეს შალვა პაპუაშვილმა "განმარტების გარეშე" ბუჩაში ოფიციალურ მიწვევას "არასათანადო" უწოდა.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები