ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

მინისტრის აპარატი: საქართველო და თანამეგობრობა არ ცნობს ცხინვალში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს

Reuters

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად არ ცნობს მისი შედეგების ლეგიტიმურობას.

"საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ცხინვალის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებისა" და მათი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს". – ნათქვამია მინისტრის აპარატის განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის. მათ შორისაა ამჟამინდელი მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ასევე, პარტია ნიხასის ლიდერი, დიმიტრი ტასოევი, ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერი, ალექსანდრე პლიევი და ე.წ. დეპუტატი, გარი მულდაროვი. 

ოკუპირებულ რეგიონში 32 000 ადამიანია რეგისტრირებული. ე.წ. საარჩევნო უბნები გახსნილია მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც.

კომენტარები