ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ჰარცელი ე.წ. არჩევნებზე: არ ვცნობთ, ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას

კარლ ჰარცელი
Twitter/@CarlHartzellEU

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ ცნობს ე.წ. არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს.

"ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება.

ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით". – თქვა ჰარცელმა.

ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ე.წ. პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის. მათ შორისაა ამჟამინდელი მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ასევე, პარტია ნიხასის ლიდერი, დიმიტრი ტასოევი, ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერი, ალექსანდრე პლიევი და ე.წ. დეპუტატი, გარი მულდაროვი. 

ოკუპირებულ რეგიონში 32 000 ადამიანია რეგისტრირებული. ე.წ. საარჩევნო უბნები გახსნილია მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც.

კომენტარები