რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: ჩინეთი რუსეთთან ახალი ნავთობკონტრაქტების გაფორმებისგან თავს იკავებს

wordpress.com

ჩინეთის სახელმწიფოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსეთთან ნავთობის არსებულ კონტრაქტებს იცავენ, თუმცა, მიუხედავად დიდი ფასდაკლებებისა, ერიდებიან ახალ შესყიდვებს. 

Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყდება, რომ აზიის უმსხვილესი გადამამუშავებელი კომპანია Sinopec-ი, ასევე CNOOC-ი, PetroChina და Sinochem -ი კვლავ ინარჩუნებენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან.

ჩინურ სახელმწიფო ფირმებს ნავთობის დამატებითი მოცულობის შეძენით არ სურთ ღიად დაუჭირონ მხარი მოსკოვს მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ვაშინგტონმა ქვეყანაში რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა, ხოლო ევროკავშირმა რუსულ ექსპორტიორებს, როსნეფტსა და გაზპრომ ნეფტს სანქციები დაუწესა.

"SOE-ის წარმომადგენლები ფრთხილად არიან, რადგან სანქციების ფონზე, მათ არ სურთ რუსული ნავთობის იპორტიორებად გამოჩნდნენ". - ამბობს ერთ-ერთი ანონიმური პირი Reuters-თან ინტერვიუში. 

ჩინეთმა არაერთხელ გააკრიტიკა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ერთ-ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ პეკინი სანქციების პირობებს განზრახ არ არღვევს. 

ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია, რუსეთიდან დღეში 1,6 მილიონ ბარელს ყიდულობს. წყაროებზე დაყრდნობით, ჩინეთის სახელმწიფო ფირმები მიყვებიან რუსეთთან არსებულ გრძელვადიან კონტრაქტებს, თუმცა მათი გახანგრძლივებისგან ან ახალი შეთანხმებებისგან თავს იკავებენ.

ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტის შემცირება გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანას ახალი ალტერნატივების მოძიება მოუწევს, რაც იმოქმედებს გლობალურ მიწოდების ჯაჭვზეც.


24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, დიდი შვიდეული (G7) აპირებს, რუსეთს ჩამოართვას ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები