რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინის აქილევსის ქუსლი, ანუ რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის სანქციების ფონზე

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინის აქილევსის ქუსლი, ანუ რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის სანქციების ფონზე

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციების ეფექტიანობა სახეზეა - ერთ თვეზე ნაკლებ დროში რუბლმა ღირებულების ¼ დაკარგა, რუსეთში დაწესდა კაპიტალზე კონტროლი, მოსკოვის საფონდო ბირჟა ერთთვიანი პაუზის შემდეგ, მხოლოდ სახელმწიფო ბონდებით ვაჭრობის სექციის გახსნას ახერხებს, ასევე, ამოღებულია რუსული აქციები გლობალური ინდექსებიდან. 

მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, მაინც არსებობს ეჭვი მათ ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რადგან წარსულში, სამიზნეები ხშირად პოულობდნენ სანქციებისგან თავის ასარიდებელ გზას. ამ დროს, მნიშვნელოვანია, არსებულ მიზნებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაისვას. პირველ რიგში, რა დევს სასწორზე? სანქციები ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს გავლენას, თუ მათი ეკონომიკა არსებითად ეყრდნობა საგარეო ვაჭრობასა და საერთაშორისო ბაზრებს. მეორე შეკითხვა ეხება იმას, თუ რამდენად რეალურია პოლიტიკური ცვლილებები დაწესებული შეზღუდვების ფონზე? თავდაპირველად, უნდა განისაზღვროს პოლიტიკური მიზანი. სანქციების ლოგიკა არ მოქმედებს მაშინ, როდესაც მას რეჟიმის შეცვლა სურს, რადგან ძალაუფლების დათმობის ღირებულება ყოველთვის აღემატება სანქციების შემსუბუქებისგან მიღებულ სარგებელს. მიუხედავად ამისა, არცერთი სახელმწიფოს, მათ შორის ავტარქის ინტერესებშიც კი არ შედის მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესება, ვინაიდან ეს სოციალური ქაოსის რისკს ზრდის. მესამე: რამდენად ერთიანია სანქცირებული ქვეყნის წინააღმდეგ გაერთიანებული კოალიცია? იქნება თუ არა შეზღუდვები გრძელვადიანი? რადგან ეკონომიკური ეფექტიანობის დემონსტრირებისას დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. და ბოლოს, მეოთხე: რამდენად რეალურია სამიზნე სახელმწიფოსთვის სანქციების თავიდან აცილების შესაძლებლობა? ჯერჯერობით, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მიზანმიმართულად აძლიერებს კონტროლს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გამკაცრებითა და გაფართოებით. სანქციებში არის გარკვეული ნაპრალები, მაგრამ მათი მასშტაბურობისა და უკრაინის მხარდამჭერი საჯარო მოწოდებების ფონზე, ჯერ საჯაროდ არავინ გამოსულა რუსეთის დასახმარებლად. სავარაუდოა ისიც, რომ ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოში, სანქციების დამრღვევი თავად იქცევა ახალ სამიზნედ.

რა ძირითადი სანქციებია დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ?

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, დიდი შვიდეული (G7) აპირებს, რუსეთს ჩამოართვას ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

რატომაა რუსული ენერგორესურსების იმპორტის შეზღუდვა ასეთი მნიშვნელოვანი სანქციების ეფექტიანობისთვის?

ვლადიმირ პუტინმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ მოსწონდა, როდესაც რუსეთს "ენერგეტიკულ ზესახელმწიფოდ” მოიხსენიებდნენ, რადგან მსგავსი მიმართება ცივი ომის პერიოდს ახსენებდა. თუმცა, ენერგორესურსებია ის, რამაც რუსეთს გლობალური პოლიტიკური გავლენა და უზარმაზარი შემოსავლები მოუტანა. უკრაინის ომის შედეგები კი, ქვეყანას "შესუსტებულ ენერგეტიკულ ძალად" გადააქცევს.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რუსეთის ეპოქის დასასრულია, რომელიც სამი ათეული წლის წინ საბჭოთა კავშირის დაშლით დაიწყო. შემდგომ წლებში, რუსული ნავთობის წარმოება აღდგა და დიდწილად ინტეგრირებულ იქნა გლობალურ ინდუსტრიასთან. დღეს რუსეთი მსოფლიოს ნავთობმწარმოებელთა სამეულშია. ასევე, მსოფლიოში ბუნებრივი გაზის უდიდესი ექსპორტიორი და სიდიდით მეორე მწარმოებელია, ისევ ამერიკის შემდეგ.

განსაკუთრებით დიდია რუსეთის ენერგეტიკული მნიშვნელობა ევროპაში. ევროპის ენერგორესურსების მარაგის 40% რუსეთიდანაა იმპორტირებული. ამან გამოიწვია ის, რომ დღევანდელი ვითარება ერთგვარი დილემაა ევროპული ქვეყნებისთვის: არ იყიდონ რუსული ნავთობი უკრაინის განადგურებით აღშფოთებული საზოგადოების საპასუხოდ, თუმცა, ამავდროულად თავიდან აიცილონ კონტინენტზე საწვავის სავარაუდო დეფიციტი. პუტინმა ომი დაიწყო მაშინ, როდესაც ევროკავშირი ენერგორერსურსების მარაგებს ავსებდა. იგი ფიქრობდა, რომ ხელთ ეპყრა ეკონომიკური ბერკეტები, რომელიც ევროპული სახელმწიფოების პროტესტისგან დაიცავდა, მაგრამ, საბოლოოდ, მასშტაბებში შეცდა. არასწორი გათვლების შედეგად კი, ვლადიმირ პუტინი მართლაც აღმოჩნდა ცივ ომში, ფინანსურ ცივ ომში, რომელიც რუსეთს დასავლეთმა გამოუცხადა. 

ენერგორესურსებს მიღმა, როგორ აისახება სანქციები რუსეთთან ვაჭრობაზე?

პირველ რიგში, სანქციები შეზღუდავს ტექნოლოგიურ და მიწოდების ქსელებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ფორმალურად ტოვებს ავტარქი სახელმწიფოს შთაბეჭდილებას, ის მთლიანად დამოკიდებულია ტექნოლოგიურ იმპორტზე. მანქანები სანქციების პირველი მსხვერპლია. მის ასაწყობად რუსეთი იყენებს უცხოურ კომპონენტებს, მიკროჩიპებიდან - საკისრებამდე. ამგვარად, სანქციებით ნადგურდება:

  • სამხედრო მრეწველობა
  • სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხაზები
  • სამომხმარებლო საქონლის წარმოება 

 სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთში ყირიმის ომის შემდეგ დაიწყო. სვერდოვლსკის ოლქის ინდუსტრიის მინისტრის, სერგეი პერესტორინის თქმით, ურალის ქარხნებში, მათ შორის ტანკების სამრეწველო ქარხანაში, კომპონენტებთან დაკავშირებული პრობლემები 2014 წლიდან არსებობს. ამგვარად, რუსული იარაღის ახალი ტიპები, მაგალითად T-14 არმატა მასობრივად არასდროს უწარმოებიათ. ეს პროცესი 2015 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, განვითარებული მოვლენების ფონზე, საწარმო არც 2022-ში ამუშავებულა. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთს აღარ აქვს ის ტექნოლოგიური კომპეტენცია, რომელიც სსრკ-ს დროს გააჩნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამშნებლო ბიუროებსა და საინჟინრო დაწესებულებებს არ მიუღიათ ახალი, კვალიფიციური კადრები. ამას რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოლაევ მაკაროვიც აღნიშნავს, მისი თქმით, რუსეთმა დაკარგა ტანკების ლულის წარმოების საბჭოთა ტექნოლოგია. გასაკვირი არ არის, რომ რუსეთში ტანკების ერთადერთმა საწარმოო ქარხანამ, УралВагонЗавод-მა წარმოება შეაჩერა. 2014 წელს დაწესებულმა სანქციებმა ქარხანას ახალი, ინოვაციური ტანკების შექმნის საშუალება არ მისცა, ხოლო 2022 წელს დაწესებული სანქციების ფონზე, საერთოდ აღარ არსებობს რამე სახის ტანკის აშენების რესურსი. მოვლენების ამგვარი განვითარება იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ რუსული ეკონომიკის კოლაფსი გარდაუვალია ერთი მარტივი მიზეზის გამო - რუსებს არ ესმით წარმოების საბაზისო პრინციპები.

რაც შეეხება ავტომობილებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, მათი ფუნქციონირებაც შეუძლებელია ტექნოლოგიური დეტალების არარსებობის გამო. მიუხედავად მცდელობებისა, რომ “რუსული კომპონენტებისგან” ააგონ მექანიზმები, შედეგი მაინც ისაა, რომ კრემლის ბრძანებით, ეკატერინბურგის პოლიციას უცხოური მანქანებით სარგებლობის უფლება აღარ აქვს, რადგან სანქციების რეჟიმში საჭირო კომპონენტების დეფიციტის გამო, მათ ვეღარ შეაკეთებენ. 

სანქციები შეეხო სარკინიგზო წარმოებასაც. რუსეთში რკინიგზა მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქონლის, არამედ ადამიანების ტრანსპორტირებისთვისაც. ფუნდამენტური პრობლემებია რუსეთის საავიაციო სისტემაშიც. თვითმფრინავების შენებისას, ისევე, როგორც დანარჩენ ყველა სფეროში, ქვეყანა იმპორტირებულ კომპონენტებს იყენებს. როსტოვის საავიაციო ქარხნის დახურვის შემდეგ, რუსული წარმოების Ан-24 და Ан-26 თვითმფრინავების შეკეთება შეუძლებელი გახდა. ამ მოცემულობით კი, ისინი მაქსიმუმ 5-6 თვე იმუშავებენ.

სამომხმარებლო საქონლის დეფიციტი ყველაზე მეტად ქვეყნის მოსახლეობაზე აისახება, რადგან, მაშინაც კი, როდესაც პუტინის რუსეთზე ვსაუბრობთ, სახელმწიფო არ არის ერთგვაროვანი. პუტინს შეუძლია სანქციების იგნორირება, მათთვის გვერდის ავლა, თუმცა, ამას ვერ შეძლებს რუსი მოსახლეობა. მომხმარებლის შოკური რეაქციიდან გამომდინარე განიხილება ორი სცენარი: პირველის მიხედვით, პროდუქტებზე ფასები წარმოუდგენლად გაიზრდება, ხოლო მეორე სცენარით, ქვეყანაში იქნება სამომხმარებლო საქონლის დეფიციტი. რუსეთში უკვე ვხედავთ მსგავს სურათს - სუპერმარკეტებს დაცარიელებული დახლებით. 

ეკონომიკური რკინის ფარდა რუსეთში

რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მრავალ სასაქონლო ბაზარზე. შედეგად, სანქციები და ომთან დაკავშირებული პორტების დახურვა იწვევს ფასების ზრდას. მაგალითად, რუსეთსა და უკრაინაში წარმოებული ხორბალი მსოფლიო მარაგის დაახლოებით მესამედს შეადგენს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ხორბლის ფასი 35%-ით გაიზარდა. ანალოგიურად, რუსეთი ლითონის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია - მათ შორის ალუმინი, სპილენძი, ნიკელი, პალადიუმი და თუთია. უახლესი მონაცემებით, მათმა ფასებმა ასევე მიაღწია მრავალწლიან მაქსიმუმს.

სანქციები ბევრ წამყვან ფინანსურ და არაფინანსურ ფირმას უბიძგებს, შეამცირონ ან დატოვონ რუსული ბაზარი. ამ სექტორში ერთიანდებიან ავტომობილები (Ford, GM და Volkswagen), ავიაცია (Airbus და Boeing), ენერგეტიკა (BP და Exxon). , გასართობი (Disney და WarnerMedia), ტრანსპორტირება (Maersk და MSC) და ტექნოლოგია (Apple). კერძო ფირმების ამ ქმედებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ბიზნესის წარმოებისთვის არასასურველ ადგილად დარჩება.

ზოგადად, ეს მოვლენები გავლენას ახდენს როგორც სანქცირებულ, ასევე სანქციების დამწესებელ ქვეყნებზე. მიმდინარე ომი კიდევ უფრო ამძიმებს უკვე დაძაბულ გლობალურ მიწოდების ჯაჭვს და ამცირებს, უარეს შემთხვევაში კი, წყვეტს მიწოდებას რუსეთიდან და უკრაინიდან.

რუსული ოქროს რეზერვი, როგორც გამოსავალი?

რუსეთის ოქროს საწყობს გარკვეული მნიშვნელობა აქვს მოსკოვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთის სანქციებმა გაყინა ქვეყნის სავალუტო რეზერვების ნაწილი, ვლადიმირ პუტინის რეჟიმს დაახლოებით 140 მილიარდი დოლარის ღირებულების ყვითელი ლითონი აქვს, რომელიც სანქციებისგან თავის არიდების ერთ-ერთი საშუალებაა.

პუტინი წლების განმავლობაში ცდილობდა, ჰქონოდა ნებისმიერი ბერკეტი, რომელიც დასავლეთის ეკონომიკური სანქციებისგან დაიცავდა. რუსეთის ოქროს მარაგი 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, სამჯერ გაიზარდა. გასულ კვირას, თეთრი სახლის ოფიციალური პირის შეფასებით, ბაჯაღლო რუსეთის ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვების დაახლოებით 20%-ს შეადგენს.

ოქროს გამოსაყენებლად რუსეთს, სავარაუდოდ, მისი ფიზიკურად საზღვრებს გარეთ გადატანა მოუწევს. ამის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა შეიმუშავეს საერთო გეგმა. სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროს შეეხება, ექვემდებარება არსებულ სანქციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც მონაწილეობას მიიღებს ძვირფასი ლითონის დოლარად გადაქცევის პროცესში, დაჯარიმდება.

კრიპტო აქტივები - სანქციების თავიდან აცილების საშუალება?

არაერთი ადამიანის, მათ შორის რამდენიმე ამერიკელი სენატორის აზრით, კრიპტო აქტივებმა, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან სანქციებისგან თავის არიდებას შეუწყოს ხელი. ამ აზრის სასარგებლოდ, ცნობილია ისიც, რომ ორი წამყვანი კრიპტო ბირჟა, კოინბასი და ბინანსი დასავლელთა მოწოდების მიუხედავად, სრულად არ ბლოკავენ რუს მომხმარებლებს. ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა, კრიპტო ინტრასტრუქტურა იყოს საკმარისად მასშტაბური იმისთვის, რომ უზრუნველყოს სანქციებისგან თავის დაღწევა. მართალია, ამ გზით, ფიზიკური პირისთვის შესაძლებელია გარკვეული თანხის (მაგალითად, ათიათასობით დოლარი) გადარიცხვა, თუმცა, რეალობას მოკლებულია ის აზრი, რომ კრიპტო აქტივები გზას ძალიან დიდი გადარიცხვებისთვის გახსნიან.

რამდენად შეუძლია ჩინეთს რუსეთის დახმარება და რამდენად შედის ეს მის ინტერესებში?

სანქციების, აქტივების გაყინვისა და საერთაშორისო კომპანიების ბაზრიდან გასვლის შემდეგ, მოსკოვისთვის ერთადერთი პოტენციური მოკავშირე, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით საკმარისად ძლიერია, ჩინეთია. ამასთან ერთად, ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის შემდეგ დარჩენილი რეზერვები ოქროსა და ჩინურ იუანშია, რაც ჩინეთს, რუბლის მხარდასაჭერად, მოსკოვის მთავარ სავალუტო წყაროდ აქცევს.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა, ჩინეთთან რუსეთის მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლური ბაზრების დახურვა ქვეყნებს კიდევ უფრო დაახლოებს. 

ამის საპასუხოდ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მცდელობა დახმარებისა, რომელიც რუსეთს სანქციების თავიდან არიდების საშუალებას მისცემს, ჩინეთს სანქცირებულთა სიაში მოახვედრებს. ამ საკითხზე აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

თეორიული თვალსაზრისით, ჩინეთს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ რუსეთს თითქმის სრულად ჩაუნაცვლოს დასავლური იმპორტი. მეორე მხრივ, საინტერესოა ის, თუ რამდენად შედის ეს ჩინეთის ინტერესებში? ჩინეთი სიამოვნებით უქმნის პრობლემებს დასავლეთს და არ იქნება წინააღმდეგი, რომ რუსეთი თანდათანობით გადააქციოს თავის მოქნილ პარტნიორად. მას ასევე შეუძლია, სიტუაციით ისარგებლოს და რუსული ნავთობი, გაზი და სხვა საქონელი შეღავათიან ფასებში შეიძინოს, ისევე როგორც ამას ირანთან ახერხებს. თუმცა, რუსეთის დახმარებით ჩინეთი ზრდის იმის ალბათობას, რომ მეორეული სანქციები მასაც შეეხება. ასევე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩინეთის ბაზრების გაურკვეველი მდგომარეობის, მზარდი ინფლაციისა და ქვეყანაში ახალი Covid-19-ის გავრცელების ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ეკონომიკის გადარჩენაში ჩინეთმა რაიმე დრამატული როლი ითამაშოს. 

რა ინსტრუმენტები აქვს რუსეთის ბანკს ფინანსური სისტემისა და ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის?

რუსეთის ცენტრალური ბანკი ინარჩუნებს კონტროლს შიდა ბალანსზე და მთავრობას ფინანსური სტაბილიზაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აქვს:

  •  ცენტრალურ ბანკს შეუძლია, კიდევ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი რუბლის მხარდასაჭერად. 
  •  რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, კიდევ უფრო გააძლიეროს კაპიტალის კონტროლი, რომელიც ამჟამად ზღუდავს რუბლის გაყიდვას და აიძულებს ექსპორტიორებს, ენერგორესურსების შეძენის შემთხვევაში რუსულ ვალუტაში გადაიხადონ, რაც რუბლის გამყარებას უწყობს ხელს.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ვერ შეძლებს სანქციების თავიდან არიდებას, რაც უფრო დიდხანს იქნება ისინი ძალაში, მით უფრო მძიმე იქნება მიღებული ეკონომიკური ზიანი. გრძელვადიან პერსპექტივაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ეკონომიკური კოლაფსის რისკი მაღალია, მაგრამ რაოდენობრივი შეფასებების გაკეთება დღეს ნაადრევია.

კომენტარები