რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით, რათა მოყვეთ ჩვენი ამბავი – ზელენსკის სიტყვა გრემიზე

ომი – რა არის ამაზე მეტად მუსიკის საპირისპირო? დანგრეული ქალაქებისა და დახოცილი ხალხის სიჩუმე. ჩვენი ბავშვები ხატავენ გატყორცნილ რაკეტებს და არა ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავებს. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 კი დაიღუპა და ვეღარასდროს ვიხილავთ თუ როგორ ხატავდნენ ისინი. ჩვენ მშობლებს უხარიათ, დილით რომ ბომბსაფარებში იღვიძებენ, მაგრამ ცოცხლები არიან. ჩვენმა საყვარელმა ხალხმა არ იცის კვლავ ერთად თუ ვიქნებით. ომი არ გვაძლევს არჩევანის უფლებას: ვინ გადარჩება და ვინ დადუმდება სამუდამოდ.

ჩვენს მუსიკოსებს სმოკინგების ნაცვლად სხეულის დამცავი ჯავშანი აცვიათ. ისინი საავადმყოფოებში დაჭრილებს უმღერიან, მათაც კი, ვისაც არ ესმის, თუმცა მუსიკა გზას მაინც გაიკვლევს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, რათა ვიცოცხლოთ, გვიყვარდეს, ხმა გავაჟღეროთ. ჩვენს მიწაზე ვებრძვით რუსეთს, რომელსაც შემზარავი სიჩუმე მოაქვს თავისი ბომბებით. მკვდარი სიჩუმე. შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით. შეავსეთ დღეს, რათა მოყვეთ ჩვენი ამბავი, სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში რომ მოყვეთ სიმართლე ამ ომის შესახებ. დაგვიჭირეთ მხარი, ნებისმიერი გზით, რომლითაც შეძლებთ. ნებისმიერით – მაგრამ არა დუმილით. და შემდეგ, მშვიდობა დაისადგურებს ყველა ჩვენი ქალაქისთვის, რომელთაც ომი ანადგურებს: ჩერნიგოვი, ხარკოვი, ვოლნოვახა, მარიუპოლი და სხვები. ისინი უკვე ლეგენდებად იქცნენ, თუმცა მე ვოცნებობ, რომ მათ იცოცხლონ და იყვნენ თავისუფლები. ისევე თავისუფლები, როგორც თქვენ ხართ გრემის სცენაზე.

გრემის დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

კომენტარები