ქართული ოცნება

კობახიძე: როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, ეს ჭუჭყია – არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევაზე იმიტომ არ საუბრობდა, რომ არ სურდა ეს "ჭუჭყი გარეთ გამოეტანა".

"ქართული ოცნება, საქართველოს მთავრობა უფრთხილდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩვენ არ გვინდოდა ეს ჭუჭყი გამოგვეტანა გარეთ. როდესაც პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, ეს, რა თქმა უნდა, ერთგვარი ჭუჭყია, რომელიც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. იგივე ვიზიტებთან დაკავშირებით დაარღვია კონსტიტუცია არაერთგზის პრეზიდენტმა. ესეც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა, როდესაც მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გარეთ გამოტანა, მაშინ მივიღეთ ჩვენც გადაწყვეტილება ამაზე საუბრის დაწყების თაობაზე". – თქვა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, 2021 წლის ივნის-ივლისსა და წელს პრეზიდენტმა მთავრობის წარდგენილი 5 ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევას არ მოაწერა ხელი.

საქართველოს მთავრობა ტყუილს უწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადებას, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილი 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით მისთვის წარდგენილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყველა კანდიდატს დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ პრეზიდენტის მიერ ელჩების კანდიდატების უარყოფის მიზეზით ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო დავა დააანონსა.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები დააინიცირესრომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია. 

15 მარტს ქართულმა ოცნებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოში დავას იწყებს. პარტიის განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას მოითხოვენ.

არსებული კანონმდებლობით კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრებაა დასაშვები. პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამგვარი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს ელჩის დანიშვნის საკითხი. თუ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტი არ სარგებლობს ამ დისკრეციით, ეს ქვეყნის პირველ პირს მომავალში წაართმევს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს მთავრობის წარდგინებებზე და აიძულებს მას, მოიწონოს კაბინეტის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი კანდიდატი.

კომენტარები