რუსეთი-იაპონია

კიშიდა: რუსეთის მიერ ჩვენთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაწყვეტა უსამართლო და მიუღებელია

ფუმიო კიშიდა

იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა მოსკოვის მიერ ტოკიოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთსა და იაპონიას შორის შექმნილი ვითარება გამოიწვია კრემლის გადაწყვეტილებამ, შეჭრილიყვნენ უკრაინაში. 

"მთელი ეს სიტუაცია შეიქმნა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და რუსეთის პასუხი, ეს ყველაფერი რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებზე გადაიტანონ, არის უსამართლობა და აბსოლუტურად მიუღებელი". – თქვა იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ. 

კიშიდას თქმით, იაპონიამ უნდა განაგრძოს რუსეთის სანქცირება. 

"იაპონიამ მტკიცედ უნდა გააგრძელოს რუსეთის სანქცირება დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად". – აღნიშნა კიშიდამ. 

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რუსეთის ფედერაციის ელჩი, მიხაილ გალუზინი, რომელთანაც გააპროტესტეს რუსეთის გადაწყვეტილება. 

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტაკეო მორიმ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას ვერანაირად გაამართლებს. 

გასულ დღეს, 22 მარტს რუსეთის ფედერაციამ, ტოკიოს მიერ მოსკოვისთვის სანქციების დაწესების გამო, იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა. ეს მოლაპარაკებები მოსკოვსა და ტოკიოს შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ იაპონიას აქვს "ღიად არამეგობრული პოზიცია" და ისინი "ცდილობენ ზიანი მიაყენონ" რუსეთის ინტერესებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "რუსეთ-იაპონიის ურთიერთქმედების დაზიანებაზე სრული პასუხისმგებლობა" ეკისრება ტოკიოს, რომელმაც აირჩია "ანტირუსული კურსი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ნაცვლად".

რუსეთი იაპონიის მოქალაქეებისთვის კურილის კუნძულებზე უვიზო მიმოსვლის სისტემას წყვეტს, ტოვებს ერთობლივი სამეურნეო საქმიანობებზე დაკავშირებულ საუბრებს და ბლოკავს იაპონიის პარტნიორის სტატუსს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა მოლაპარაკებებს "რიტუალური" უწოდა და თქვა, რომ მხარეები კონსესუსამდე ვერ მივიდოდნენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვს სანქციები, რიგ ქვეყნებთან ერთად, ტოკიომაც დაუწესა.

ამას გარდა, 7 მარტს გამართულ მრჩეველთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის ფედერაციისა და იაპონიის სადავო ტერიტორიებს, კურილის კუნძულებს "განუყოფელი ტერიტორია" უწოდა, რაც მოსკოვის მიმართ ტოკიოს პოლიტიკის ცვლილებაა. 

იაპონელი პოლიტიკოსები ამ ტერმინის გამოყენებას 2018 წლის ნოემბერიდან ერიდებიან, მას შემდეგ, რაც მაშინდელი პრემიერმინისტრი, შინძო აბე იაპონია-რუსეთის სამიტზე დათანხმდა, დაეჩქარებინათ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საუბრები. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიშიდამ აქამდე გამოყენებული ტერმინი დააბრუნა. 

კომენტარები