რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ში ჩინეთის ელჩის თქმით, პეკინი არც ერთ მხარეს არ აწვდის სამხედრო დახმარებას

ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი პეკინში

აშშ-ში ჩინეთის ელჩმა, ცინ განგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი სამხედრო დახმარებას არც ერთ მხარეს არ აწვდის. ჟურნალისტის კონკრეტულ კითხვაზე - შეწყვეტს თუ არა ჩინეთი რუსეთისთვის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას, ელჩმა  პასუხად აღნიშნა, რომ გავრცელებული ცნობა ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარების შესახებ დეზინფორმაციაა. 

"ჩინეთი აწვდის საკვებს, მედიკამენტებს, საძილე ტომრებსა და ბავშვისთვის ვიტამინებს, და არა იარაღსა და საბრძოლო მასალას... რომელიმე მხარეს. ჩვენ ომის წინააღმდეგი ვართ, როგორც უკვე ვთქვით. იცით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კრიზისის დეესკალაციისთვის".- თქვა ელჩმა CBS-თან ინტერვიუში.

ცინ განგმა ხაზგასმით თქვა, რომ ჩენეთს რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობა აქვს და აპირებს ეს ურთიერთობა შეინარჩუნოს. 

"ჩინეთს აქვს ნორმალური სავაჭრო, ეკონომიკური, ფინანსური ენერგეტიკული კორპორაციები რუსეთთან. [...] ეს არის ნორმალური ბიზნესი ორ სუვერენულ ქვეყანას შორის". - თქვა ცინ განგმა. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან სატელეფონო საუბრამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩინეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება. 18 მარტს გამართული სატელეფონო საუბრისას სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომი და მსგავსი კრიზისები არავის ინტერესებში არ შედის. საუბრის დროს ჯო ბაიდენმა სი ძინფინგი გააფრთხილა, რომ თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინაში ქმედებებისთვის მატერიალურად დაეხმარება, ამას "შედეგები" მოჰყვება. 

გასულ დღეებში Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარებისთვის მიმართა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს 5 სახის სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა, მათ შორის რაკეტები, დრონები, ჯავშანმანქანები და ლოგისტიკური მანქანები. ინფორმაცია უარყო ჩინეთის საელჩომ აშშ-ში.

ამას გარდა, 14 მარტს კვლავ FT-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ მოკავშირეებს შეატყობინა, რომ ჩინეთმა სამხედრო სფეროში რუსეთის დახმარების შესაძლებლობაზე მიანიშნა. გამოცემა ინფორმაციას საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 მარტს ჩინეთის ელჩმა უკრაინაში, ფან სიანრონგმა თქვა, რომ ჩინეთი უკრაინას "არასდროს დაესხმება თავს".


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები