მკვლელობა პოლონეთში

პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი რუსი არტისტი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს

Simon Skrepetski / Facebook

პოლონური მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბიალა პოდლასკაში სროლის შედეგად მოკლეს რუსი არტისტი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში, მათ შორის, ვლადიმირ პუტინსაც დასცინოდა.

პოლიციას მოკლულის ვინაობასთან, ეჭვმიტანილებთან ან მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ რუსეთის 44 წლის მოქალაქეს საცხოვრებელი კორპუსის ავტოსადგომზე რამდენჯერმე ესროლეს. 

პოლონური ტელეარხის, wPolsce24-ს მიხედვით, მკვლელების რაოდენობა, სავარაუდოდ, ორი იყო და ერთ-ერთი მათგანი ბიალა პოდლასკაში მდებარე ბელარუსის საკონსულოსთან დააკავეს. ამავე მედიის ცნობით, დაკავებული ბელარუსის მოქალაქეა.

ამის მიუხედავად, მეორე პოლონური მაუწყებლის, RMF-ის ინფორმაციით, პოლიცია ამ ცნობებს უარყოფს. Polsat News-მა კი წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პოლიციამ "რამდენიმე ადამიანი" დააკავა, თუმცა, მოგვიანებით ყველა მათგანი გაათავისუფლა. 

სკრეპეცკის სატირულ ნამუშევრებში ხშირად ფიგურირებდნენ ვლადიმირ პუტინი, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და იოსებ სტალინი.

არსებული ინფორმაციით, მან რუსეთი 2021 წელს პოლიტიკური დევნის შიშის საფუძველზე დატოვა. სკრეპეცკის სოციალურ გვერდზე გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ის პოლონეთში იმყოფებოდა. 

გასულ კვირას მან მონაწილეობა მიიღო ბერლინში რუსეთის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაში, სადაც მას შარვალზე რუსული დროშა ჰქონდა გამობმული და ხელში სტალინისა და ჩვილი პუტინის ამსახველი ნახატი ეკავა.

კომენტარები