ბრიტანული გამოცემა Times წერს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ელვირა ნაბიულინა უკვე მესამე კვირაა, რაც არ გამოჩენილა, ხოლო რუსული ოპოზიციური ტელეგრამ-არხის ინფორმაციით, მანამდე ნაბიულინამ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ომის მეტად ესკალაციის შემთხვევაში, თანამდებობის გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებდა.
ელვირა ნაბიულინა, რომელიც ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და კრემლის მრჩეველია, თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს და მას მიაწერენ ომის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკის შენარჩუნებას, რის ფარგლებშიც მან ქვეყანა "ფინანსურ ციხე-სიმაგრედ" გარდაქმნა, რათა დასავლური სანქციების გავლენა შეემსუბუქებინა.
Times-ის მიხედვით, ნაბიულინა ბოლოს 28 მაისს გამოჩნდა, რის შემდეგაც მან გამოტოვა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, სადაც კრემლის მიზანი სტაბილურობის დემონსტრირება იყო. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი და სხვა მაღალჩინოსნები ასევე არ გამოჩენილან ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთი საკითხზე პუტინთან გამართულ შეხვედრაზეც. ის ასევე არ დასწრებია მრჩევლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიასაც.
ცნობისთვის, ნაბიულინას თანამდებობის დატოვება მომდევნო წლის ივნისისთვის უწევს, როცა მისი მესამე ვადა იწურება. ამ ფონზე ტელეგრამ-არხ Можем объяснить-ს წყარომ აცნობა, რომ ნაბიულინამ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წარუდგინა და უთხრა, რომ მომდევნო წლამდე მხოლოდ იმ პირობით იმუშავებდა, თუ ის ქვეყანაში საომარ მდგომარეობას არ გამოაცხადებს და რუსეთის საზღვრებს არ ჩაკეტავს. არსებული ვარაუდით, ორივე ნაბიჯი შესაძლოა, მობილიზაციის გამოცხადების პარალელურად მოხდეს, რათა უკრაინაში ომისთვის სამხედროების რაოდენობა გაიზარდოს.
"მან უფროსს [პუტინს] აცნობა, დიპლომატიურად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მის პასუხს ელოდება." – აღნიშნა წყარომ.
ამავდროულად, რუსმა ეკონომისტმა ვიაჩესლავ შირაიევმა, რომელიც ომს ეწინააღმდეგება, სხვა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნაბიულინას სახლს დაცვა მოაშორეს. შირაიევმა ოპოზიციურ არხ Breakfast Show-ს განუცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის არ გამოჩენა უკავშირდება მისდამი კრემლის ბრაზს, ვინაიდან ის პუტინის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
ამას გარდა, კომუნისტური პარტიის დეპუტატმა ვიაჩესლავ მარხაიევმა მოითხოვა, რომ კრემლმა ომის დასამთავრებელი მკაფიო გეგმა წარმოადგინოს. მანვე განაცხადა, რომ ფრონტზე დანაკარგები კრემლის "არაეფექტური ხელმძღვანელობის" ბრალია.
"ილუზიების დრო დამთავრდა. ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა," დაწერა მარხაიევმა სოციალურ მედიაში.
ნაბიულინას შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ "ზოგჯერ ხალხი ცუდად ხდება – ამაში უჩვეულო არაფერია. ეს არ უნდა გახდეს შეთქმულების თეორიების საფუძველი."
15 ივნისს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ნაბიულინა 19 ივნისს საპროცენტო განაკვეთის შესახებ პრესკონფერენციაზე გამოჩნდება. თუმცა, გამოცემა Ведомости წერს, რომ ამ პრესკონფერენციაზე ნაბიულინას არ გამოჩენა "შეთქმულების თეორიებისთვის კიდევ უფრო მეტ საფუძველს" შექმნის.




