სამირა ბაირამოვა

"ალტ-ინფომ მუქარა შეასრულა" – სამირა ბაირამოვას თქმით, მარნეულში ენმ-ს ოფისი შეღებეს

მარნეულში პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფების, ალტ-ინფოს წევრებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისს საღებავი შეასხეს და ფასადზე წარწერები გააკეთეს. ამის შესახებ ადგილობრივი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა წერს.

"ალტ-ინფომ თავისი პირველი მუქარა შეასრულა, მოვიდნენ ენმ-ის ოფისში და ასე დამახანჯეს! კარგად იციან რომ მე არ ვარ ენმ-ის წევრი და ეს მათი პროვაკაცია! იმედი მაქვს შსს ესმის, რომ ისინი რამდენად საშიში არიან". – წერს სამირა ბაირამოვა.

ტაბულა მომხდარზე დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

14 მარტს, მარნეულში ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის - კონსრვატიული მოძრაობის ოფისის გახსნა სამირა ბაირამოვამ ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვით გააპროტესტა.

ამას ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები მოჰყვა, ხოლო 16 მარტს, რადიკალური ჯგუფის წევრებმა მარნეულში მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა ჩაწერეს.

ბაირამოვას უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს და აცხადებს, რომ "სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარა დროულად უნდა აღიკვეთოს".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. თუმცა, საიას შეფასებით, ის ფაქტი, რომ ალტ-ინფოს მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია, გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და ახალისებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და მის მიმართ იერსახის დამახინჯების მუხლით ოქმი შეადგინა. 

კომენტარები