რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლვოვის მერი: ოკუპანტების რაკეტა აეროპორტის მახლობლად ტერიტორიას მოხვდა

CNN-ის ცნობით, დღეს, 18 მარტს, ლვოვში, სულ მცირე, ერთი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მერი, ანდრი სადოვიი წერს, რომ ვერ ადასტურებს დარტყმის ადგილს, მაგრამ აქვს ინფორმაცია, რომ ეს აეროპორტი არ არის.

"რაკეტები ლვოვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას მოხვდა. ზუსტ მდებარეობას ამ დროისთვის ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის აეროპორტი. ავტოსატრანსპორტო კომპანიის შენობებში დაზიანებულია მინები. ადგილზე ვითარება ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ". - თქვა სადოვიმ.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მერმა ასევე სთხოვა ხალხს, თავდასხმის ადგილიდან ფოტოები არ გაავრცელონ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები