სამირა ბაირამოვა

ევროპელები მარნეულზე: უმოქმედობა ადასტურებს – პუტინისტური ჯგუფები ოცნების ინსტრუმენტია

ალტ-ინფო

ევროპული საქართველო ეხმიანება მარნეულში აქტივისტის მიმართ პუტინისტური ჯგუფების მხრიდან მუქარას და აღნიშნავს, რომ მთავრობის უმოქმედობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ჯგუფები ქართული ოცნების კოლაბორაციონისტული ხელისუფლების ინსტრუმენტს წარმოადგენენ. 

"კონსერვატიული მოძრაობის პუტინისტი წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას ანგარიშსწორებით ემუქრებიან. კონსერვატიული მოძრაობა ასევე ემუქრება მარნეულის მოსახლეობას ეთნიკური და რელიგიური შუღლით მოტივირებული ძალადობით, პოლიტიკური პარტიების მარნეულის ოფისებზე კი თავდასხმას აანონსებს.

პუტინისტური მოძრაობის ლიდერები არც წარსულში და არც ახლა არ დასჯილან მათ მიერ ორგანიზებული დანაშაულებებისთვის, ხოლო მოძალადე რიგითი წევრების მიმართ მხოლოდ სიმბოლური ან მსუბუქი სასჯელი გამოიყენება. მათი ახლანდელი მუქარა პირდაპირ და მყისიერ საფრთხეს შეიცავს და გასულია სიტყვის თავისუფლების მიერ დაცული ჩარჩოდან.

ნორმალური მთავრობის პირობებში, მუქარის ავტორების მიმართ უკვე უნდა მომხდარიყო სამართლებრივი რეაგირება. ეს უმოქმედობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ჯგუფები ქართული ოცნების კოლაბორაციონისტული ხელისუფლების ინსტრუმენტს წარმოადგენენ.

ყველა შესაძლო უკანონო ქმედებაზე, რომელიც შეიძლება მოყვეს ამ მუქარას, პოლიტიკურად და სამართლებრივად პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება და მისი ცენტრალური და ადგილობრივი წარმომადგენლები".- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. 

14 მარტს, მარნეულში ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის - კონსრვატიული მოძრაობის ოფისის გახსნა სამირა ბაირამოვამ ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვით გააპროტესტა. ამას ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები მოჰყვა, ხოლო 16 მარტს, რადიკალური ჯგუფის წევრებმა მარნეულში მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა ჩაწერეს.

ბაირამოვას უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს და აცხადებს, რომ "სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარა დროულად უნდა აღიკვეთოს".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. თუმცა, საიას შეფასებით, ის ფაქტი, რომ ალტ-ინფოს მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია, გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და ახალისებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და მის მიმართ იერსახის დამახინჯების მუხლით ოქმი შეადგინა. 

კომენტარები