რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში აქტივისტებისა და ჟურნალისტების კარებზე საომარი სიმბოლიკა, Z და V დააწერეს

"არ უღალატო სამშობლოს, დიმა" / "პავლოვა, დავამთავროთ ეს ომი"
Sota

რუსეთში რამდენიმე აქტივისტის და ჟურნალისტის ბინების კარებზე საომარი სიმბოლიკა, ასო Z და V დააწერეს. ინფორმაციას გამოცემა Sota ავრცელებს.

ტელეგრამ-არხის, Протестный МГУ-ს ავტორს, დმიტრი ივანოვს, კარზე წარწერა "არ უღალატო სამშობლოს, დიმა" და სამი Z-ი დაუტოვეს. მსგავსი ფრაზები დააწერეს აქტივისტ ოლგა მისიკის, Sota-ს ჟურნალისტის, ანა ლოიკოს და მოძრაობა სოციალისტური ალტერნატივის ერთ-ერთი მხარდაჭერის კარზე. ამ უკანასკნელის მეზობლის თქმით, კარზე წარწერა სამმა ახალგაზრდა კაცმა გააკეთა. სოციალისტური ალტერნატივის წევრები მიიჩნევენ, რომ წარწერები მემარჯვენე აქტივისტებმა დატოვეს, რომლებიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მითითებით მოქმედებდნენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ასოები - Z და V, ფაქტობრივად, "სპეცოპერაციის", ომის ოფიციალურ სიმბოლოდ იქცა. თავდაპირველად, ეს აღნიშვნები გამოჩნდა უკრაინაში შესულ რუსულ სამხედრო ტექნიკაზე, შემდეგ კი რუსეთში მისი გამოყენება ომის მხარდამჭერებმა და კრემლის პროპაგანდისტებმა დაიწყეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები