რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედინსკი: უკრაინა ნეიტრალიტეტის შვედურ-ავსტრიულ მოდელს გვთავაზობს

ვლადიმირ მედინსკი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამხმარე და უკრაინასთან მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმირ მედინსკი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთს ნეიტრალიტეტის შვედურ-ავსტრიულ მოდელს სთავაზობს.

"უკრაინის ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნება და განვითარება, დემილიტარიზაცია – განიხილება უკრაინის არმიის ზომასთან დაკავშირებული საკითხების მთელი კომპლექსი. უკრაინა გვთავაზობს დემილიტარიზებული ნეიტრალური სახელმწიფოს ავსტრიულ, შვედურ ვარიანტს, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფოს, რომელსაც აქვს საკუთარი არმია და სამხედრო-საზღვაო ძალები. ყველა ეს საკითხი რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელობის დონეზე განიხილება". – თქვა მედინსკიმ. 

მედინსკიმ ასევე დაამატა, რომ რუსეთისთვის მთავარი საკითხია ყირიმისა და დონბასის სტატუსი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ნეიტრალიტეტი იქნება მხოლოდ უკრაინული მოდელით და მხოლოდ უსაფრთხოების რეალური გარანტიებით.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები