რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნობილის სადგურში ელექტროენერგიის მიწოდება ისევ აღადგინეს

AFP

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 14 მარტს გაჩენილი დაზიანების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ აღდგა. ინფორმაცია უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიაწოდა.

რუსულმა სამხედრო ძალებმა 14 მარტს დააზიანეს მომარაგების ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურს ელექტროენერგიით ამარაგებს.

პირველ ჯერზე დაზიანების შემდეგ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგიის მიწოდება 13 მარტს აღდგა.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყველა ობიექტი, რომელიც გაუცხოების ზონაშია განლაგებული რუსულმა სამხედრო ძალებმა აიღეს. 9 მარტს ჩერნობილის ატომურ სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა გაჩნდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობდა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის გამო რადიაციული გაჟონვის საფრთხე არსებობდა. 11 მარტს ატომურ ელექტროსადგურს დიზელის საწვავის დამატებითი მარაგი მიაწოდეს დიზელის ელექტროსადგურისთვის, რომელიც გადამუშავებული ბირთვული საწვავის სათავსოს ავარიული კვების წყაროა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები